უდიდესი ძარცვა ლოს-ანჯელესის ისტორიაში: დამნაშავეებმა ნაღდი ფულის სახით $30 მილიონი მოიპარეს

ფული

უდიდესი ძარცვა ლოს-ანჯელესის ისტორიაში: დამნაშავეებმა ნაღდი ფულის სახით $30 მილიონი მოიპარეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ თანხა საცავიდან გაიტანეს. მომხდარის შესახებ პოლიციამ მხოლოდ მეორე დღეს შეიტყო. ჯერჯერობით დაზუსტებული მოსაზრება, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული, არ არსებობს, თუმცა რამდენიმე ვერსია განიხილება.

საქმეს ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტი და FBI ერთობლივად იძიებენ. როგორც ცნობილია, სახელმწიფო საცავში ადგილობრივი ბიზნესებიდან მიღებული ფული ინახება. ეჭვმიტანილებმა სიგნალიზაციის ყველა წყარო დაახშეს, რის გამოც დეტალური ინფორმაციის შეგროვება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

არსებობს ვარაუდი, რომ დამნაშავეები საცავში სახურავიდან ჩავიდნენ. საყურადღებოა, რომ საცავის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური იყო და მასზე ადამიანთა ძალიან მცირე ჯგუფმა იცოდა, რომლებიც იქ მუშაობენ ან პირდაპირ არიან დაკავშირებულები სახელმწიფო სტრუქტურებთან. სეიფს გარეგნული ნიშნებით დაზიანება არ ეტყობა.

ლოს-ანჯელესის ისტორიაში ამ შემთხვევამდე ყველაზე დიდი ძარცვა 1997 წლის სექტემბერში მოხდა, როდესაც $18.9 მილიონი მოიპარეს. მაშინ 6 ადამიანი დააკავეს. ახალი ძარცვის გარშემო გამოძიება გრძელდება.