ცნობილია რა ნივთების გაყიდვის გამო დააჯარიმა ევროკომისიამ Temu €200 მილიონით

ტემუ

ევროკავშირის რეგულატორებმა ჩინურ ონლაინ მაღაზია Temu-ს 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს, მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადასტურა, რომ კომპანია მომხმარებლებს არალეგალური პროდუქტებისაგან, მათ შორის მომწამვლელი სათამაშოებისა და სახიფათო ელექტრონიკისაგან, ვერ იცავდა.

დადგინდა, რომ Temu-ს პლატფორმაზე გაყიდული ბავშვის სათამაშოებისა და მცირე ელექტრონული მოწყობილობების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის მომხმარებელთა უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.

Temu-მ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ჯარიმა "არაპროპორციულად" მიიჩნია. კომპანიის განცხადებით, საქმე 2024 წლის შეფასებას ეხება და მათი "სისტემების ამჟამინდელ მდგომარეობას არ ასახავს".

ევროკომისიამ დაადასტურა, რომ Temu-ს პლატფორმაზე გასაყიდად განთავსებული არალეგალური პროდუქციის სისტემური რისკები სათანადოდ არ იყო გამოვლენილი, გაანალიზებული და შეფასებული. გამომძიებლებმა "საიდუმლო შოპინგის" ტესტი ჩაატარეს, რამაც გამოავლინა მრავალი შეუსაბამო პროდუქტი, მათ შორის ელექტრონული დამტენები, რომლებმაც ძირითადი უსაფრთხოების ტესტები ვერ გაიარა, აგრეთვე დიდი ოდენობით ისეთი საბავშვო სათამაშოები, რომლებიც შეიცავდა სახიფათო ქიმიკატებს ან გადაყლაპვის საფრთხის მქონე მცირე ნაწილებს.

Temu-ს "სამოქმედო გეგმის" წარსადგენად ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს. შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიას დამატებითი ყოველდღიური, ყოველკვირეული ან ყოველთვიური ჯარიმები დაეკისრება.