1770743848
წარვადგენ დათმობების სიას, რომელიც ევროპამ რუსეთისგან უნდა მოითხოვოს - კაია კალასი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ წარადგენს დათმობების სიას, რომელიც ევროპამ რუსეთისგან უნდა მოითხოვოს უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმების ფარგლებში.
„ყველა, ვინც მოლაპარაკებების მაგიდასთან ზის, მათ შორის რუსებმა და ამერიკელებმა, უნდა გაიგონ, რომ შეთანხმების დასადებად ევროპელების თანხმობაა საჭირო. ამისთვის ჩვენც გვაქვს პირობები. და ეს პირობები უნდა წავუყენოთ არა უკრაინელებს, რომლებზეც ისედაც დიდი ზეწოლა მოხდა, არამედ რუსებს“, - აღნიშნა კალასმა.
მისი თქმით, სიას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს უახლოეს დღეებში შესთავაზებს. კითხვაზე, რა შეიძლება შედიოდეს სიაში, მან დაასახელა ომის დროს გატაცებული ყველა უკრაინელი ბავშვის დაბრუნება და რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე შეზღუდვების დაწესება.
„მნიშვნელოვანია, განვიხილოთ, თუ რა სახის დათმობები უნდა ვიხილოთ რუსეთის მხრიდან მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, - აღნიშნა კალასმა.











