1747174002
ტრამპმა სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნის. ამის შესახებ მან საუდის არაბეთში საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, მან სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან და ასევე, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განხილვის შემდეგ მიიღო.
„მე გავცემ სირიის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტის განკარგულებას, რათა მივცე მათ დიდების შანსი“, – თქვა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, აშშ-ის სირიაში სტაბილურობისა და მშვიდობის ხილვა სურს.
„სირიას, რომელმაც ბევრი ტანჯვა და სიკვდილი ნახა, ახალი მთავრობა ჰყავს, რომელიც იმედი მაქვს, წარმატებას მიაღწევს ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურებაში და მშვიდობის შენარჩუნებაში. ეს არის ის, რისი ხილვაც სირიაში გვინდა“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიმდინარე კვირაში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თურქეთში შეხვდება სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს.
„ყველგან, სადაც შეგვიძლია, ჩემი ადმინისტრაცია მიისწრაფვის მშვიდობიანი ჩართულობისკენ და სთავაზობს მეგობრობის ძლიერ და საიმედო ხელს ყველას, ვინც ამას კეთილსინდისიერად მიიღებს“, – თქვა ტრამპმა.