ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

ამერიკულ რადიოგადაცემაში, Glenn Beck-ის პროგრამაში სტუმრობისას, შეკითხვაზე, თუ რატომ ეწვია რეტკლიფი რუსეთს, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ნახევრად რუტინული ვიზიტი იყო: „ის იქ ნახევრად რუტინული ვიზიტით იმყოფებოდა... არ მინდა ხალხს იმედები გავუცრუო“.

„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა CIA-ს ხელმძღვანელს „ფანტასტიკური ადამიანი“ უწოდა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მისი ადმინისტრაცია „ძალიან ბევრს მუშაობს ამ ომის დასასრულებლად“.

„ამ ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“, - განაცხადა ტრამპმა მოსკოვში რეტკლიფის ვიზიტის შეფასებისას.