ტრამპი: პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა, რომ მის რეზიდენციას დაესხნენ - ეს არ არის კარგი, ერთია შეურაცხყოფაზე იყო გადასული, მაგრამ სულ სხვაა მის სახლზე თავდასხმა, ამის გამო ძალიან გაბრაზებული ვიყავი

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა სცადა.

„არ მომწონს. ეს არ არის კარგი. ამის შესახებ დილით გავიგე. იცით ვინ მითხრა? პრეზიდენტმა პუტინმა. თქვა, რომ მას თავს დაესხნენ. ეს არ ვარგა. არ დაგავიწყდეთ, მე შევაჩერე „ტომაჰავკები“, რადგან ეს არ მსურდა. ახლა ფაქიზი პერიოდია. ამისათვის შესაფერისი დრო არ არის. ერთია შეურაცხყოფაზე იყო გადასული, მაგრამ სულ სხვაა მის სახლზე თავდასხმა. მსგავსი რამის გასაკეთებლად ახლა შესაფერისი დრო არ არის და ეს არ შეიძლება გაკეთდეს. ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინისგან გავიგე და ამის გამო ძალიან გაბრაზებული ვიყავი“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დაუშვა, რომ „შესაძლებელი“ იყო ბრალდება მცდარი ყოფილიყო და მსგავსი თავდასხმა საერთოდ არ მომხდარიყო, თუმცა შემდეგ დასძინა: „გავარკვევთ. მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა ამ დილით მითხრა, რომ ეს მოხდა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში რუსეთის პოზიცია გადაიხედება კიევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობის ფონზე.

ლავროვმა აღნიშნა, რომ 29 დეკემბრის ღამეს ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ყველა უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ამ რეზიდენციას უტევდა.