ტრამპი მაკრონზე: მას ცოლი საშინლად ეპყრობა - ის ჯერ კიდევ ყბაში მოხვედრილი დარტყმისგან გონს მოდის

ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირად სადილზე ემანუელ მაკრონსა და მის მეუღლეს, ბრიჟიტ მაკრონს დასცინა. მან მკაცრად გააკრიტიკა ნატოს მოკავშირეები იმის გამო, რომ ისინი არ ჩაებნენ ირანის წინააღმდეგ ომში.

„ჩვენ ისინი არ გვჭირდებოდა, მაგრამ მაინც ვკითხე“, - განაცხადა ტრამპმა.

„ვურეკავ საფრანგეთს, მაკრონს, რომელსაც ცოლი საშინლად ეპყრობა. ჯერ კიდევ ყბაში მოხვედრილი დარტყმისგან გონს მოდის“, - აღნიშნა ტრამპმა.

იგი გულისხმობდა 2025 წლის მაისის ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ვიეტნამში ვიზიტისას ბრიჟიტ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტს თითქოს სახეში ხელი ჰკრა. მოგვიანებით მაკრონმა ეს კადრები დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილად მოიხსენია.

„მე ვუთხარი: ემანუელ, ჩვენ ძალიან გაგვიხარდებოდა დახმარება ყურეში, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდებს ვამყარებთ ცუდი ბიჭებისა და ბალისტიკური რაკეტების განადგურებაში. ძალიან გვინდა დახმარება. თუ შეგიძლია, იქნებ გემები სასწრაფოდ გამოგვიგზავნო“, - განაგრძო ტრამპმა.

შემდეგ მან ფრანგული აქცენტით განასახიერა მაკრონის სავარაუდო პასუხი: „არა, არა, არა, ამას ვერ ვიზამთ, დონალდ. ამის გაკეთება მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძლია, რაც ომი მოგებული იქნება“, - თქვა მან.