საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა

გიგა ავალიანის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა.

დღეს სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, გადაისინჯა აღკვეთის ღონისძიება. ორივე პატიმრობაში დარჩა. ისინი სამართალდამცველებმა 5 აგვისტოს დააკავეს.

ადვოკატის, გიორგი ლეკიშვილის თქმით, მათ დღეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს.

„დღეს ვშუამდგომლობდით ჩვენს მიერ გამოძიების ეტაპზე სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების, დამატებით მტკიცებულებად დართვას, კიდევ მოვიპოვეთ გარკვეული მასალები, რომელიც მნიშვნელოვანია. კერძოდ, როგორც მოგეხსენებათ, ამ დრომდე არ არის გახსნილი და დათვალიერებული გიგა ავალიანის კუთვნილი მობილური ტელეფონი," - აღნიშნა ნია იმნაძის ადვოკატმა, გიორგი ლეკიშვილმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ იყო ინფორმაციული და შინაარსობრივი დატვირთვის მატარებელი.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობა ახალი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობისა და საქმეზე დართვასთან დაკავშირებით. აღნიშნული მტკიცებულებები არ იყო რაიმე ინფორმაციული და შინაარსობრივი დატვირთვის მატარებელი, ეს იყო ძირითადად ფორმალური ხასიათის განჩინებები, რომელიც ადასტურებდა იმას, რომ არცერთმა ინსტანციამ, არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ ადვოკატს არ დართეს უფლება, გამოეთხოვა ინფორმაცია იმ მობილური ტელეფონებიდან, რომელიც ჩვენ უკვე ამოვიღეთ, ინფორმაციაც შევისწავლეთ, დავამუშავეთ, გამოვითხოვეთ. შესაბამისად, ჩვენ ჩავატარეთ სრულყოფილი გამოძიება,“ - აღნიშნა პროკურორმა, ქეთევან სონიძემ.