ტრამპი: არ მომეწონა ის ტონალობა, რომლითაც შვეიცარიის ლიდერი გველაპარაკებოდა, ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ტარიფები შემემცირებინა, 30%-დან 39%-მდე გავზარდე

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკვეთრად გაზარდა ტარიფები შვეიცარიულ იმპორტზე, შვეიცარიის ლიდერთან, კარინ კელერ-ზუტერთან დაძაბული სატელეფონო საუბრის შემდეგ.

„არ მომეწონა ის ტონალობა, რომლითაც ის [კარინ კელერ-ზუტერი] ჩვენ გველაპარაკებოდა, ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ტარიფები შემემცირებინა, 39 პროცენტამდე გავზარდე“, - განაცხადა ტრამპმა.

Fox Business-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ტრამპმა განმარტა, რომ შვეიცარია დიდი ხნის განმავლობაში სარგებლობდა უმნიშვნელო ტარიფებით აშშ-ში საქონლის ექსპორტისას, რამაც ხელი შეუწყო 42 მილიარდი დოლარის მოცულობის სავაჭრო დეფიციტის წარმოქმნას.

„ის ძალიან აგრესიული იყო, თუმცა თავაზიანი, ძალიან აგრესიული. ის ამბობდა: ‘ბატონო, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ჩვენ ამას ვერ ვიზამთ’. ტელეფონიდან ვერ ვიშორებდი“, - იხსენებს ტრამპი.

მიუხედავად მისი არაერთგზის მტკიცებისა, რომ შვეიცარია „პატარაა, პატარაა“, ტრამპი თავის პოზიციაზე დარჩა: „შეიძლება პატარა ქვეყანა ხართ, მაგრამ ჩვენ თქვენთან 42 მილიარდი დოლარის დეფიციტი გვაქვს“.

შვეიცარიის ლიდერის ტონით უკმაყოფილო ტრამპმა განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა, არ დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა ტარიფების შემცირებაზე და პირიქით, გადასახადი 39 პროცენტამდე გაზარდა.

„მე 30%-იანი ტარიფი დავაწესე, რაც ძალიან დაბალია. შემდეგ მივიღე გადაუდებელი ზარი, შვეიცარიის ლიდერისგან და ის ძალიან აგრესიული იყო. ნამდვილად არ მომეწონა ის ტონალობა, რომლითაც ის ჩვენ გველაპარაკებოდა, ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ტარიფები შემემცირებინა, 39%-მდე გავზარდე“, - დასძინა მან.