The Times: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ კრემლის ბირთვული იარაღის უზარმაზარი არსენალი ღვთის „წყალობისა და მოწყალების“ ნიშანია

ვლადიმირ პუტინი პატრიარქი კირილე

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ კრემლის ბირთვული იარაღის უზარმაზარი არსენალი ღვთის „წყალობისა და მოწყალების“ ნიშანია. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times ავრცელებს.

პატრიარქმა კირილემ, რომელმაც უკრაინაში შეჭრას „ბოროტების წინააღმდეგ წმინდა ომი“ უწოდა, ამის შესახებ საროვის მახლობლად მდებარე მონასტერში, წირვის აღვლენისას განაცხადა - იმ ქალაქის სიახლოვეს, სადაც თავის დროზე საბჭოთა კავშირმა პირველი ბირთვული ბომბი შექმნა.

მისი თქმით, ღმერთი დაეხმარა საბჭოთა კავშირს, ქვეყანას, სადაც ათეიზმი ოფიციალური სახელმწიფო პოლიტიკა იყო, 1949 წელს ბირთვული ბომბი შეექმნა.

„ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამ ადგილას ამ მრისხანე იარაღის შექმნა შემთხვევითობა არ ყოფილა. ეს ყველაფერი, დიდწილად, ჩვენი ღირსეული და ღვთისმოშიში მამის, საროველი წმინდა სერაფიმეს ლოცვა-კურთხევითა და ვედრებით აღსრულდა“, - აღნიშნა პატრიარქმა კირილემ.

მონასტერში ვიზიტისას პატრიარქმა კირილემ ბირთვულ იარაღს „სამშობლოს ფარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ცივი ომის პერიოდში სწორედ მან აარიდა რუსეთი მტრების მიერ საბჭოთა კავშირის „განადგურებასა“ და მისი მოსახლეობის „დამონებას“.