შსს განცხადებას ავრცელებს

შსს

სოციალურ ქსელში გავრცელებული შეურაცხმყოფელი და რედაქტირებული მასალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვნების, მიმართ გავრცელებულ ტექსტებსა და ფოტო-ვიდეომასალებს ეხება.

„სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე, ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყეს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობას ან გავრცელებას გულისხმობს.

დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.