The Last of Us-ის მეორე სეზონის ფინალის მაყურებელთა რიცხვი 55%-ით შემცირდა

theasy of us

 HBO-ს სერიალის, The Last of Us-ის მეორე სეზონის ფინალი ორჯერ ნაკლებმა მაყურებელმა იხილა, ვიდრე ვიდეოთამაშის ადაპტაციის პირველი სეზონის ფინალი. მაყურებლის ტელეეკრანზე მეორე სეზონის ფინალი კვირას საღამოს გავიდა, რომელსაც 3.7 მილიონმა მაყურებელმა უყურა სხვადასხვა პლატფორმაზე. ეს მაჩვენებელი 55%-ით ნაკლებია პირველი სეზონის ფინალის მაყურებელთა რაოდენობაზე — 8.2 მილიონზე, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავი ციფრი იყო, რადგან მაშინ სერიის გამოშვება ოსკარის დაჯილდოებას დაემთხვა.

მეორე სეზონის პრემიერას 5.3 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც პირველი სეზონის პრემიერის მაყურებელთა რაოდენობაზე გაცილებით დიდი ციფრი იყო, თუმცა მეორე სეზონის წარმატებამ ფინალურ სერიამდე ვერ გასტანა.

 HBO აღნიშნავს, რომ მეორე სეზონის ფინალის მაყურებელთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება, რადგან ის დღესასწაულების კვირას გავიდა ეთერში, რაც, ზოგადად, ნახვადობის შემცირებას იწვევს. მთლიანობაში სერიალი 90-მა მილიონმა მაყურებელმა იხილა პირველი სეზონი დასრულების შემდეგ. მეორე სეზონის ყოველ სერიას საშუალოდ 37 მილიონი მაყურებელი უყურებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

სერიალის მესამე სეზონი HBO-მ გადასაღებად უკვე დაამტკიცა.

მეორე სეზონის სიუჟეტი სერიალის ბევრი მაყურებლისთვის შოკისმომგვრელი იყო (თუმცა არა იმათთვის, ვისაც The Last Of Us-ის თამაში დახურული აქვთ) — პედრო პასკალის პერსონაჟი, ჯოელი, მეორე სერიაში მოკლეს. ამის შემდეგ მთავარ როლში ბელა რემზის პერსონაჟი, ელი, მოგვევლინა. ეს სიუჟეტური ცვლილება თამაშის სიუჟეტს მიჰყვებოდა და სერიალის ძირითად თემებზე — ადამიანური დანაკარგით განპირობებულ შურისძიებაზე — მეტად კონცენტრირდა. თუმცა ჯოელის მიმართ ემოციურად მიჯაჭვული მაყურებლებისთვის ეს რთულად მისაღები აღმოჩნდა.

მესამე სეზონში სიუჟეტური ხაზის კიდევ ერთი გადანაცვლებაა მოსალოდნელი — როგორც ვიცით, კეიტლინ დივერის პერსონაჟი, ები, სერიალის ცენტრალურ ფიგურად იქცევა.