The Guardian: ევროკავშირმა შესაძლოა მომავალ წევრ სახელმწიფოებს რამდენიმე წლით შეუჩეროს ვეტოს უფლება

ევროკავშირი

ევროკავშირმა შესაძლოა მომავალ წევრ სახელმწიფოებს რამდენიმე წლით შეუჩეროს ვეტოს უფლება - ამ ნაბიჯის მიზანია გაფართოების პროცესი პოლიტიკურად უფრო მისაღები გახადოს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

ევროკომისიის გეგმების თანახმად, მომავალ წევრ ქვეყნებს, მაგალითად, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებს, ევროკავშირში გაწევრიანებისთანავე არ ექნებათ ავტომატური უფლება ვეტო დაადონ საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს ან სხვა საკითხებს, რომლებიც ერთსულოვნებას მოითხოვს.

ეს იდეა განსაკუთრებით აქტუალურია მონტენეგროსთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობის ცხრა ოფიციალურ კანდიდატ ქვეყანას შორის ლიდერია.

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა იბრძვის იმისთვის, რომ 2028 წლისთვის ევროკავშირის 28-ე წევრი სახელმწიფო გახდეს. ამ თვეში პირველად შეიკრიბა ტექნიკური ჯგუფი, რომელსაც მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულების შემუშავება დაევალა, რაც იმის ნიშანია, რომ 14-წლიანი მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზე გადადის.

ამ ფონზე, ევროკავშირის ოფიციალური პირები განიხილავენ დამცავი მექანიზმების შემოღებას ახალი წევრებისთვის, რათა თავიდან აიცილონ გადაწყვეტილებების ბლოკირება რომელიმე ერთი სახელმწიფოს მიერ - იტყობინება ევროკავშირის ოთხი წყარო.

ეს იდეა გაჩნდა უნგრეთთან დაკავშირებული გამოცდილების შემდეგ, რომლის ყოფილმა მთავრობამ, ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, ვეტო დაადო ევროკავშირის რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მათ შორის, უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას.

ვეტოს უფლების დროებითი აკრძალვა შესაძლოა ჩაიწეროს მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულებაში, რაც თავის მხრივ ნიმუშად გამოდგება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რიგში დგანან და თავის დროს ელოდებიან.