The Atlantic: ტრამპმა შესაძლოა რუსეთს სანქციების ნაწილი უკრაინაში ომის დასრულებამდე მოუხსნას

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა აღმოსავლეთ ევროპაში, ჯონ კოულმა თეთრი სახლის ლიდერს ახალი დიპლომატიური ინიციატივით მიმართა. გეგმა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლას ითვალისწინებს - კერძოდ, რუსეთისთვის სანქციების ნაწილობრივ მოხსნას კრემლის პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. ამის შესახებ გამოცემა The Atlantic-ის ჟურნალისტი, საიმონ შუსტერი იტყობინება.

ავტორის ინფორმაციით, ინიციატივა ჯერ ადრეულ ეტაპზეა, თუმცა მან შესაძლოა ტრამპს კრემლთან კომუნიკაციის დამყარების ახალი არხი გაუხსნას. ეს მიმართულება უკრაინის ომის მიღმა არსებულ საკითხებს ეხება, რომლის შეჩერებასაც ვაშინგტონი ამ ეტაპზე ვერ ახერხებს. გარდა ამისა, სტრატეგიამ შესაძლოა ხელი შეუწყოს აშშ-ისთვის ხელსაყრელი კონტრაქტების დადებას რუსული ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე, ხოლო პოლიტპატიმრების გათავისუფლებამ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების არგუმენტები გაუძლიეროს.

შუსტერი აღნიშნავს, რომ ამ მიდგომამ შესაძლოა უკრაინელების გარდა ევროპელებისა და ამერიკელების ნაწილის უკმაყოფილებაც გამოიწვიოს, რადგან მსგავსი გარიგება რუსეთს საშუალებას მისცემს, მეტი ფინანსური რესურსი მიმართოს უკრაინაში ტერორისკენ.

აღნიშნული სტრატეგია კოულმა მანამდე ბელარუსში გამოსცადა, სადაც ასობით პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მიაღწია, სანაცვლოდ კი აშშ-მა ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები შეუმსუბუქა. ახლა კოულმა, ტრამპის თანხმობით, იგივე მიდგომის გამოყენება ვლადიმირ პუტინთანაც გადაწყვიტა. კოულის აზრით, ეს ვარიანტი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესსაც წაადგება.

„ეს ყველაფერი მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. რაც მეტია ურთიერთქმედება და კომპრომისი - იქნება ეს ეკონომიკურ სფეროში, პატიმრების საკითხში თუ სხვაგან - ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ მშვიდობამდე. ეს თავისებური მისიაა“, - განუცხადა კოულმა შუსტერს.

უკრაინული მხარე შექმნილ სიტუაციას სრულიად განსხვავებულად აფასებს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შუსტერთან საუბარში აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ომის დასრულებამდე რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ნებისმიერი მცდელობა დაბლოკოს, თუმცა იქვე აღიარა, რომ ეს მარტივი არ იქნება.
უკრაინელი მომლაპარაკებლებისთვის ცნობილია ტრამპის გეგმების შესახებ, გამოიყენოს სამშვიდობო პროცესი ბიზნესგარიგებების წასახალისებლად. თუმცა, წყაროების ცნობით, ტრამპის წარმომადგენლები ამ ეტაპზე ვერ ხედავენ რუსეთთან ბიზნესის კეთების შესაძლებლობას უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტამდე მაინც. კოულის გეგმა კი სწორედ ამ დაბრკოლების გვერდის ავლის გზად მოიაზრება.

ავტორის ცნობით, კოულს ეს იდეა რუს დისიდენტ დმიტრი მურატოვთან შეხვედრისას გაუჩნდა, რომელმაც მიხეილ გორბაჩოვისა და რონალდ რეიგანის თანამშრომლობის პრეცედენტი გაიხსენა. იმ პერიოდში ვაშინგტონი მოსკოვს პატიმართა სიებს გადასცემდა, რასაც საბჭოთა მხარე ეთანხმებოდა, ამან კი ქვეყნებს შორის დაძაბულობა შეამცირა.

ამჟამად აშშ კვლავ კონცენტრირებულია ომის დასრულების მცდელობაზე. ამ თვეში აბუ-დაბიში დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა ენერგეტიკულ სექტორში ცეცხლის შეწყვეტის განსახილველად, ასევე არსებობს ეგვიპტის ინიციატივა შავ ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმების შეჩერებაზე. თუმცა, კიევში ამ შეხვედრების ეფექტიანობის გაზაფხულამდე არავის სჯერა.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ შუსტერთან საუბარში აღნიშნა, რომ სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ პატიმრების ვაჭრობა რეჟიმებს მხოლოდ წაახალისებს, რომ უფრო მეტი ადამიანი დააკავონ.

„ადამიანებით ვაჭრობა მათ არაფერი უჯდებათ. მათ ყოველთვის შეუძლიათ მეტი ადამიანის დაპატიმრება, მაშინ როდესაც დასავლეთი სანქციების გაუქმებითა და გარიგებებით ამ რეჟიმებზე გავლენას კარგავს“, - ხაზგასმით აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.

✕