აბიტურიენტების საყურადღებოდ! - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
1785741367
სტარმერი წავიდა, მაკრონი მალე შეიცვლება, ევროპას ლიდერობის ვაკუუმი, „მსურველთა კოალიციას“ კი ნელი სიკვდილი ემუქრება, – ამ შინაარსის სტატიას გამოცემა „ტელეგრაფი“ აქვეყნებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის პოლიტიკიდან წასვლისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის ფონზე, ევროპა შესაძლოა, ლიდერობის სერიოზული კრიზისის წინაშე, უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიციის“ არსებობა კი, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.
„სტარმერიც და მაკრონიც ევროპული უსაფრთხოების მთავარი არქიტექტორები არიან. მათ შეძლეს ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში არსებული უთანხმოებების გადალახვა და 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაერთიანება უკრაინის სამხედრო დახმარების, შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გარანტიებისა თუ ჰორმუზის სრუტის განმაღმვითი ოპერაციების გარშემო. სტარმერის ახალი შემცვლელი, ენდი ბერნემი მოკავშირეებს არწმუნებს, რომ ლონდონის საგარეო პოლიტიკური კურსი, ნატო-სა და უკრაინის მხარდაჭერა უცვლელი დარჩება. ამის დასტურად მან პირველი ოფიციალური შეხვედრა სწორედ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ბერნემს, შიდა პოლიტიკური გამოცდილების ფონზე, საგარეო ასპარეზზე ჯერჯერობით ნაკლები გავლენა აქვს. ბევრად უფრო დიდ საფრთხედ საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნები განიხილება. მაკრონს მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ ელისეის სასახლის დატოვება მოუწევს, ხოლო მის შესაძლო შემცვლელებად მიიჩნევიან ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პოპულისტური ძალები, რომლებიც ნატოსა -სა და უკრაინის საკითხებზე მაკრონისგან განსხვავებულ პოზიციებს იკავებენ“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მარინ ლე პენი პირობას დებს, რომ საფრანგეთს ნატო-ს სამხედრო სარდლობიდან გამოიყვანს, მოუხსნის სანქციებს რუსეთს და უკრაინას მოსკოვის პირობებზე მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდებს. ჟან-ლიუკ მელანშონი კი, კიდევ უფრო მკვეთრი პოზიციით გამოირჩევა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან საფრანგეთის სრულად გამოსვლას გეგმავს.
„დასავლელი ოფიციალური პირები უკვე აქტიურად განიხილავენ სცენარებს, თუ როგორ შეიცვლება ანგლო-ფრანგული ურთიერთობები, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება და უკრაინის მომავალი, თუ საფრანგეთის ხელისუფლებაში კრემლისადმი ლოიალურად განწყობილი ძალები მოვლენ“, – წერს „ტელეგრაფი“.