1758188657
შექმნეს „წებოს თოფი", რომელიც მოტეხილობებს ამრთელებს

სამხრეთ კორეაში მეცნიერებმა წებოს თოფი ისე შეცვალეს, რომ მისი მეშვეობით ძვლის ნიმუშების შექმნა და პირდაპირ მოტეხილ ადგილებზე გადატანა ყოფილიყო შესაძლებელი. ეს მეთოდი მათ ცხოველებზე წარმატებით გამოცადეს და შედეგები გამოცემა Device-ში გამოაქვეყნეს.
ახალი ტექნოლოგია ძვლის იმპლანტანტების შექმნის პროცესს გვაცილებს თავიდან და პირდაპირ მკურნალობის დაწყებას ხდის შესაძლებელს. მოდიფიცირებული თოფით მკვლევრებმა კურდღლებისთვის სამგანზომილებიანი ძვლოვანი სტრუქტურა დაბეჭდეს და დაზიანებულ ადგილებში მიამაგრეს, რათა მოტეხილი კერები ბუნებრივად აღდგენილიყო.
ცხოველთა ბარძაყის ძვლებზე ჩატარებული პროცედურიდან 12 კვირის განმავლობაში სპეციალისტებს ინფექციის კვალი არ შეუნიშნავთ. ასევე, მათში რეგენერაცია უკეთ მიმდინარეობდა, ვიდრე კონტროლ ჯგუფში, რომელთა შემთხვევაშიც ტრადიციული "ძვლის ცემენტი" გამოიყენეს. ეს პრობლემის მოსაგვარებლად ბევრად მარტივი და სწრაფი გზაა, რადგან მეტალის ან დონორის იმპლანტანტები პაციენტს ინდივიდუალურად უნდა მოერგოს, რაც დიდ დროს საჭიროებს.
„ჩვენი ტექნოლოგია განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს სამიზნე ადგილზე მიმართული ბეჭდვის სისტემით, რომელიც პირდაპირ ქირურგიულ ზონაში რეალურ დროში ძვლოვანი სტრუქტურის ფაბრიკაციასა და გადატანას ხდის შესაძლებელს. ეს ძალიან ზუსტი ანატომიური შესაბამისობის მიღწევის საშუალებას იძლევა, თუნდაც არათანაბარი და რთული დეფექტების მიმდებარედ", - აცხადებენ მეცნიერები.
მათ თოფში ცხელი წებოს ნაცვლად ჰიდროქსიაპატიტისა და პოლიკაპროლაქტონის კომბინაცია გამოიყენეს, რომელიც 140 გრადუს ცელსიუსზე დაბალ ტემპერატურაზე თხევად მდგომარეობაში გადადის. პირველი ძვლებში ბუნებრივად არსებული აღმდგენი კომპონენტია, მეორე კი — ბიოშეთავსებადი თერმოპლასტმასა. მათი საშუალებით სამგანზომილებიანი ბეჭდვით მიღებული სტრუქტურის სიმტკიცე კონტროლდება.
ავტორები ამბობენ, რომ თოფი კომპაქტურია, ამიტომ ქირურგს მოტეხილობაზე მისი მიმართულების, კუთხისა და სიღრმის მორგება შეუძლია. ასევე, მთლიანი პროცესი სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს, რაც ძალიან მცირე დროა. იმედოვნებენ, რომ ეს მეთოდი პაციენტებს გვერდით ეფექტებს ააცილებთ თავიდან და ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის ჩამოყალიბების რისკსაც შეამცირებს.