სერგეი ლავროვი: რუსეთს იმედი აქვს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება

სერგეი ლავროვი

რუსეთს იმედი აქვს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ნაბიჯები გადადგა მოსკოვმა უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად, ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები განახლდა.

„სტამბოლში სამი რაუნდი გაიმართა და გარკვეული პროგრესი იყო მიღწეული ჰუმანიტარულ საკითხებში: სამხედრო ტყვეებისა და დაკავებულების გაცვლა, დაღუპულთა ცხედრების დაბრუნება და ა.შ. გარდა ამისა, თითოეულმა მხარემ გამოთქვა საკუთარი ხედვა კონფლიქტის დასრულების პირობების შესახებ. დელეგაციების ხელმძღვანელები პირდაპირ კონტაქტში არიან. ჩვენ ველოდებით, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება“, – აღნიშნა ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარება რუსეთისთვის პრიორიტეტად რჩება.