სერგეი ლავროვი: აშშ ნამდვილად უჭერს მხარს უკრაინას, არა მხოლოდ ბაიდენის დაწესებული სანქციების გახანგრძლივებით, არამედ ახლის შემოღებით და კიევის რეჟიმის სამხედრო-სამრეწველო სექტორის მხარდაჭერით

ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო პროცესის მიმართ თავისი მიდგომა კვლავ შეცვალოს.

მისი თქმით, მოსკოვი აფასებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ არასდროს უარყვია დიალოგის აუცილებლობა. ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს ღიად აქვს გამოცხადებული მიზნად რუსული კომპანიების გლობალური ენერგეტიკული ბაზრიდან განდევნა.

„შეერთებული შტატები ნამდვილად უჭერს მხარს უკრაინას, არა მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სხვადასხვა სანქციის გახანგრძლივებით, არამედ საკუთარი სანქციების შემოღებითა და პენტაგონის სპეციალური პროგრამების მიღებით, რომლებიც კიევის რეჟიმის სამხედრო-სამრეწველო სექტორის მხარდაჭერას ემსახურება“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვაშინგტონის მიდგომა, შესაძლოა, კვლავ შეიცვალოს, როგორც ეს ანკორიჯში გამართული შეხვედრის შემდეგ მოხდა, როდესაც გარკვეული შეთანხმებები იქნა მიღწეული.

„ახლა ყველა რაღაც „სულზე“ საუბრობს და ამბობს, რომ ეს სული გაქრა. თუმცა სულს არაფერი აქვს საერთო იმ შეთანხმებებთან. შეთანხმებები მკაფიო იყო და ისინი პრეზიდენტ პუტინისა და ამერიკული მხარის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე იქნა მიღწეული“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლავროვმა ასევე გაიხსენა მარკო რუბიოს მიერ კონგრესში გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც აშშ უკრაინის საკითხში შუამავლის როლს ვერ შეასრულებს, რადგან სრულად უჭერს მხარს უკრაინას.

„ჩვენთვის მოულოდნელი იყო, როდესაც მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის საკითხში შუამავალი ვერ იქნება, რადგან ის მთლიანად უკრაინის მხარეს დგას“, – განაცხადა ლავროვმა.