1774968600
საფრანგეთის სენატი 15-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის აკრძალვას განიხილავს
საფრანგეთის სენატი 15-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის აკრძალვის საკითხს განიხილავს.
მედიის ცნობით, ფრანგი კანონმდებლები არასრულწლოვნებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის შეზღუდვას თუ მხარს დაუჭერენ, საფრანგეთი ავსტრალიის შემდეგ გახდება მსოფლიოს მეორე ქვეყანა, რომელიც მოზარდებს სოციალურ პლატფორმებზე – Facebook-ზე, Snapchat-ზე, TikTok-სა და YouTube-ზე წვდომას შეუზღუდავს.
„ნათელია, რომ სულ უფრო ახალგაზრდა ასაკში აქვთ სმარტფონებზე წვდომა. ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ახალგაზრდების განვითარებაზე როგორც პიროვნულ, ასევე კოგნიტურ დონეზე“, – განაცხადა კანონპროექტის ავტორმა, ფრანგმა კანონმდებელმა, ლორ მილერმა.
„როიტერის“ ინფორმაციით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სურს, მიღების შემთხვევაში კანონი შემდეგი სასწავლო წლის დაწყებამდე ამოქმედდეს.
როგორც მედია წერს, ამ დროისთვის ევროპის არაერთი ქვეყანა განიხილავს მოზარდებისთვის სოციალური მედიის შეზღუდვის გზებს, რადგან სულ უფრო მეტად აცნობიერებენ ბავშვებისთვის არსებულ რისკებს.











