რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
საბერძნეთის მთავრობამ ორშაბათს კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობის დამხობა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება - ისევე, როგორც ეს, სავარაუდოდ, რუმინეთში გააკეთა.
საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა, პავლოს მარინაკისმა განაცხადა, რომ „ბერძნული მთავრობისადმი მუქარის საკითხი დღის წესრიგში არასდროს დამდგარა“.
„სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ, მსგავსი რამ არასდროს იქნებოდა მისაღები“, - დასძინა მან.
გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მარტში გამართულ ვახშამზე, რომელსაც საბერძნეთისა და აშშ-ის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, კიმბერლი გილფოილმა ენერგეტიკის მინისტრ სტავროს პაპასტავრუს უთხრა, რომ შეერთებული შტატები მონაწილეობდა რუმინეთის ცენტრისტულ-მემარჯვენე მთავრობის დაცემაში.
„ჩვენ ამის გაკეთება ნებისმიერ ქვეყანაში შეგვიძლია, სადაც მოვისურვებთ. ამის გაკეთება აქაც შეგვიძლია“, - ციტირებს გამოცემა გილფოილის სიტყვებს. WSJ ეყრდნობა ვახშმის ერთ-ერთ მონაწილესა და სხვა პირებს, რომლებსაც მოგვიანებით აცნობეს აღნიშნული ინციდენტის შესახებ.
გამოცემის ცნობით, პაპასტავრუმ გილფოილს უპასუხა, რომ აშშ ვერ შეძლებდა საბერძნეთის არჩეული მთავრობის ჩანაცვლებას. თავის მხრივ, გილფოილის ადვოკატმა უარყო გავრცელებული საუბრის შინაარსი.
ოპოზიციურმა პარტიებმა ორშაბათს მთავრობას მოუწოდეს, განმარტებები გააკეთოს სავარაუდო ინციდენტთან დაკავშირებით.
გილფოილი აქტიურად მონაწილეობს „ვერტიკალური გაზის დერეფნის“ პოპულარიზაციაში - ეს არის რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ამერიკული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას საბერძნეთიდან, ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
მარინაკისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობები ამჟამად „ისეთი მჭიდრო და სტაბილურია, როგორც არასდროს და იგი ეფუძნება ორმხრივ პატივისცემასა და საერთო ღირებულებებს“.
„საბერძნეთის მთავრობა მუშაობს ქვეყნის ენერგეტიკული და გეოპოლიტიკური პოზიციების გასაძლიერებლად და საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად. ის არ ერევა კომერციულ და ბიზნეს-ინტერესებს შორის კონკურენციაში“, - დასძინა მან.