რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებლის პაველ დუროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

პაველ დუროვი

მესენჯერ Telegram-ის დამფუძნებლის პაველ დუროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.1 მუხლის 1.1 ნაწილით (ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა). ამის შესახებ „როსიისკაია გაზეტა“, ასევე „მედუზა“ და „როიტერი“ იტყობინება.

ამასთან, როგორც „მოსქოუ თაიმსი“ წერს, ომის დროს „Telegram-ი „გახდა ნატოს ქვეყნების და „კიევის რეჟიმის“ სადაზვერვო სამსახურების მთავარი ინსტრუმენტი.“

Telegram-ის მეშვეობით კოორდინირებულ ტერორისტულ თავდასხმებს მაღალი რანგის 9 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, მათ შორის გენერალ-ლეიტენანტები იგორ კირილოვი, იაროსლავ მოსკალიკი და ფანილ სარვაროვი.

ინფორმაციისთვის, 10 თებერვალს რუსეთის უწყება „როსკომნადზორმა“ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „ტელეგრამის“ შენელება დაიწყო.

2025 წლის აგვისტოდან რუსეთში WhatsApp-ში და Telegram-ში ზარები არის დაბლოკილი. „როსკომნადზორი“ ამ გადაწყვეტილებას თაღლითებთან ბრძოლით ხსნის.

ოქტომბერში ამავე უწყებამ განაცხადა, რომ თაღლითობის საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში Telegram-ის და WhatsApp-ის ნაწილობრივი შეზღუდვა დაიწყო.