1746126348
რუსებისა და უკრაინელების სურვილებს შორის დიდი უფსკრულია, ტრამპის ადმინისტრაცია შემდეგი 100 დღის განმავლობაში გულმოდგინედ იმუშავებს მხარეების პოზიციების დასაახლოებლად - ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის პოზიციებს შორის დიდი უფსკრულია. აღნიშნულის შესახებ ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, ჯეი დი ვენსის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია იმუშავებს, რათა მხარეების დაახლოება სცადოს. როგორც ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრისთვის დღეს უმთავრესი და აუცილებელია, თითოეულმა მხარემ გააკეთოს სამშვიდობო წინადადება.
„ეს უკვე მოხდა. უკრაინელებმა უკვე თქვეს: აი, რა გვსურს ჩვენ, რუსებმა თქვეს ის, რაც მათ უნდათ. ახლა დიპლომატიის საქმეა, სცადოს, დააახლოოს ეს ორი მხარე, რადგან რუსებისა და უკრაინელების სურვილებს შორის ძალიან დიდი უფსკრულია“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
მისი განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია შემდეგი 100 დღის განმავლობაში გულმოდგინედ იმუშავებს მხარეების პოზიციების დასაახლოებლად.