როგორია ახლო აღმოსავლეთის საომარი მოქმედებების რუკა, ვინ სად არის განლაგებული და რა ძალებით - სამხედრო ოპერაციის ქრონოლოგია

irani

როგორია ახლო აღმოსავლეთის საომარი მოქმედებების რუკა, ვინ სად არის განლაგებული და რა ძალებით - იმისთვის, რომ დღეს არსებული სურათი კარგად დავინახოთ, აუცილებელია დავუბრუნდეთ 28 თებერვალს.

თბილისის დროით, ზუსტად დილით, 09 :15 საათზე იწყება კოორდინირებული შეტევა ირანის მიმართ, სამი სხვადასხვა ლოკაციიდან. ხმელთაშუა ზღვა, ანუ დასავლეთის ფლანგი, ოპერაციას მეთაურობს ავიამზიდი USS Gerald R. Ford. ისრაელი - ცენტრალური ჰაბი, სათავეშია ისრაელის საჰაერო ძალები. არაბეთის ზღვიდან შესაბამისად სამხრეთის ფლანგიდან - ირანს უტევს - USS აბრაამ ლინკოლნი.

პირველი - სამიზნეშია ამოღებული თეირანი, სადაც პასტერის ქუჩის რაიონში განხორციელებულმა იერიშმა უმაღლესი ლიდერის, ალი ხამენეის ლიკვიდაცია გამოიწვია.

მოიშალა რეჟიმის იერარქიული მართვის ცენტრი, განადგურდა გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინა და რიგი სტრატეგიული ობიექტი.

პარალელურ რეჟიმში, ამერიკის და ისრაელის ძალები ბომბავენ - იპაჰანს, ჰუმს და ნათანზს. ხდება ბირთვული პოტენციალის ნეიტრალიზაცია. სამიზნეშია ამოღებული: ფორდოსა და ნათანზის მიწისქვეშა ობიექტები, ისპაჰანის კვლევითი ცენტრები.

კოორდინირებული შეტევის ფარგლებში, ნაწილობრივ განადგურდა სარაკეტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა დასავლეთის ფრონტზე. ქერმანშაჰი, ხორამაბადი: მიწასთან გასწორდა მობილური სარაკეტო გამშვები პუნქტები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ისრაელსა და ყურის ქვეყნებს.

ქარაჯი, თაბრიზი იერიში მიიტანეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებსა და ამანდის Amand ბაზაზე, რითაც შეიზღუდა შეიარაღების შევსების გზები.

სამხრეთის ფლანგზე ჩაბაჰარის საზღვაო და დეზფულის ავიაბაზების დაბომბვით ისლამურმა რესპუბლიკამ დაკარგა კონტროლი ინდოეთის ოკეანის გასასვლელზე და საჰაერო უპირატესობაზე.

ახლა კი უფრო დეტალურად, ის გეოგრაფიული არეალი, რომელიც ირანის საპასუხო დარტყმების სამიზნე გახდა. თეირანმა ამ იერიშს "ოპერაცია ჭეშმარიტი აღთქმა 4" უწოდა. ეს არ იყო ქაოსური შეტევა - ეს იყო სინქრონიზებული დარტყმა ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში მდებარე დასავლურ სტრატეგიულ ობიექტზე.

პირველი და ერთ-ერთი მთავარი დარტყმა ყატარზე მოდის. აქ, ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე, დადასტურებულია ორი ბალისტიკური რაკეტის პირდაპირი მოხვედრა. ეს ბაზა აშშ-ის საჰაერო ოპერაციების ცენტრია რეგიონში.

ყურადღების ცენტრშია ბაჰრეინიც - სამიზნე გახდა მანამაში მდებარე აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინა. ეს არის ამერიკის საზღვაო ძალების სიმბოლო სპარსეთის ყურეში.

რაც შეეხება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, იერიში მიიტანეს ალ-დაფრას ავიაბაზაზე, საიდანაც კოალიციის მოიერიშე თვითმფრინავები პატრულირებენ.

ჩრდილოეთით, ქუვეითში, ალი ალ-სალემის ბაზას რამდენიმე რაკეტა ესროლეს, თუმცა მათი უმეტესობა ჰაერშივე განადგურდა.

პარალელურად, ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა ერაყი - კერძოდ, ერბილის აეროპორტის სამხედრო სექტორი და ჰარირის ბაზა.

თუმცა, კონფლიქტის არეალი სპარსეთის ყურეს სცილდება. თეირანმა მიზანში ამოიღო ბრიტანული სამხედრო ბაზები კვიპროსზე — აკროტირი და დეკელია. სწორედ აქედან იმართება კოალიციური ძალების სადაზვერვო ოპერაციები. ეს ნიშნავს, რომ ირანი უკვე ღიად უტევს დასავლურ ინფრასტრუქტურას ევროპის კარიბჭესთან, რაც კონფლიქტს რეგიონთაშორის მასშტაბს აძლევს.

ამ წუთებში კოალიციური ძალების იერიში ირანზე გადამწყვეტ ფაზაში შედის. აშშ-ის და ისრაელის ავიაცია ახლა იმ ობიექტებს უტევს, რომლებიც ირანის სამხედრო და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის საფუძველია. ვნახოთ ის ოთხი მთავარი ლოკაცია, რომელიც კოალიციის სამიზნედ იქცა:

პირველი, რა თქმა უნდა, დედაქალაქი თეირანია. დარტყმები სამთავრობო კვარტალსა და სამხედრო ცენტრებზე ამ წუთებშიც გრძელდება. განადგურებულია გუშაგთა კორპუსის "სარდლობისა და კონტროლის" ცენტრები. მთავარი მიზანი კავშირგაბმულობის კვანძების მწყობრიდან გამოყვანაა - კოალიცია ცდილობს ირანის სამხედრო ხელმძღვანელობასა და დანაყოფებს შორის კომუნიკაცია სრულად გაწყვიტოს, რათა რეჟიმმა მართვის სადავეები დაკარგოს.

შემდეგი წერტილი ბუშირია - ირანის ბირთვული და ენერგეტიკული გული. ისრაელის ავიაცია აქ განსაკუთრებული სიფრთხილით მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ბირთვულ ელექტროსადგურზე პირდაპირი დარტყმა რადიაციული საფრთხის გამო შეზღუდულია, ნადგურდება მისი დამხმარე ინფრასტრუქტურა. პარალელურად, იბომბება კუნძულ ხარკის ნავთობტერმინალები. ეს ირანის ეკონომიკური ხერხემალია და მათი გათიშვა ექსპორტის სრულ კოლაფსს ნიშნავს.

გადავინაცვლოთ ისპაჰანში - ეს ქალაქი ირანის სამხედრო მრეწველობის ცენტრია. სწორედ აქ მდებარეობს ქარხნები, სადაც ცნობილი Shahed-ის ტიპის დრონები და ბალისტიკური რაკეტები იწარმოება. აშშ-ის ავიაციის ამოცანაა, მოსპოს ირანის რესურსი, რათა თეირანმა თავდასხმების მეორე და მესამე ტალღის მომზადება ვეღარ შეძლოს.

და ბოლოს, ბენდერ-აბასი - სტრატეგიული პორტი ჰორმუზის სრუტესთან. აქ ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების ბლოკირება მიმდინარეობს. კოალიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ირანმა სრუტის სრული დანაღმვა ან ტანკერებზე თავდასხმა ვერ მოასწროს.

თუმცა, ომის არეალი მხოლოდ ირანით არ შემოიფარგლება. ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია პარალიზებულია, სადაც აშშ-ის მეხუთე ფლოტი და ირანული კატარღები პირისპირ დგანან. ხოლო სამხრეთ ლიბანში ისრაელი "ჰეზბოლას" მხრიდან მეორე ფრონტის გახსნას ელოდება.