წყლის ტორნადო იტალიაში: ამობრუნებული ავტომობილები, მოგლეჯილი სახურავები და დაზიანებული შენობები
1791567771
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი „ღრმად აღშფოთებულია“ ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის ვიზიტით ვლადიმირ პუტინთან, სადაც იგი რუსეთის პრეზიდენტის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პარასკევს განაცხადა.
შრედერი, რომელსაც გერმანიის კანცლერის პოსტი 1998-2005 წლებში ეკავა, მუდმივი კრიტიკის ქარცეცხლშია როგორც გერმანიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ რუსულ ბიზნესსა და პუტინთან ახლო კავშირების გამო. ეს ურთიერთობები ყოფილმა კანცლერმა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრისა და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ტალღების მიუხედავად შეინარჩუნა.
„უკრაინაში ომზე პასუხისმგებლობა ცალსახად პუტინს ეკისრება. სწორედ მისი ბრძანებებია უზომო ტანჯვის, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის, დანგრეული ოჯახების, დაღუპულებისა და დაჭრილების მიზეზი. კანცლერი მიიჩნევს, რომ ბატონი შრედერის მხრიდან ასეთ ზეიმზე დასწრება უბრალოდ ამორალურია“, - აღნიშნა გერმანიის მთავრობის სპიკერმა.
შრედერის ვიზიტს მკვეთრი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა მისივე პარტიის — „სოციალ-დემოკრატების“ (SPD) რიგებშიც.
გამოცემა Sueddeutsche Zeitung-ის ცნობით, SPD-ის თანათავმჯდომარემ და მერცის კოალიციური მთავრობის ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბაილმა უკრაინელი ხალხის ტანჯვის ფონზე ყოფილი კანცლერის ამ ნაბიჯს „სრულიად მიუღებელი“ უწოდა.