Reuters: ერაყის ქურთისტანში იტალიის სამხედრო ბაზა დაიბომბა

ერაყი

ერაყის ქურთისტანის ქალაქ ერბილში მდებარე იტალიის სამხედრო ბაზა დაიბომბა. ინფორმაციას Reuters-ი იტალიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაზას რაკეტა მოხვდა, თუმცა მოგვიანებით იტალიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედრო ობიექტს დრონი დაესხა თავს.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. განადგურებულია ერთი სამხედრო მანქანა.

„არცერთი იტალიელი სამხედრო არ დაშავებულა და არ გარდაცვლილა. ყველანი კარგად არიან“, - ციტირებს სააგენტო იტალიის თავდაცვის სამინისტროს.

როგორც სააგენტოს წყარო უყვება, შესაძლოა, დრონის სამიზნეს ბაზა არ წარმოადგენდა. სავარაუდოდ, უპილოტო საფრენმა აპარატმა სიმაღლე დაკარგა და ჩამოვარდა.

ბაზის მეთაურის, პოლკოვნიკ სტეფანო პიცოტის განცხადებით, სამხედროები აღნიშნულ რეგიონში არსებული საფრთხეების შესახებ გაფრთხილებულები იყვნენ და ინციდენტამდე ისინი ბუნკერში იყვნენ გადასულნი.