რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და რელიგიური ღირებულებების შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებულ თურქ კომიკოსს პატიმრობა შეეფარდა

დენიზ გოქთაში

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და რელიგიური ღირებულებების შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებულ თურქ კომიკოსს, დენიზ გოქთაშს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, რამდენიმე დღით ადრე პროკურატურამ მისი სასცენო გამონათქვამების გამო გამოძიება დაიწყო.

სტამბოლის მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარე კვირის დასაწყისში მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელებში გოქთაშის მიერ გავრცელებულ კონტენტში „დანაშაულებრივი გამონათქვამები“ გამოვლინდა. პოლიციამ ის თურქეთში დაბრუნებისას სტამბოლის აეროპორტში დააკავა,

პროკურატურის ცნობით, გოქთაშმა რელიგიური ღირებულებები სტამბოლში გამართული სტენდაფ წარმოდგენის დროს შეურაცხყო, სადაც ის ერდოღანს, ყურანსა და დაპატიმრებულ სტამბოლის მერს, ეკრემ იმამოღლუს შეეხო. გოქთაშის ადვოკატის, მეტინ ასლანის განცხადებით, ბრალდებებს შორის პრეზიდენტის შეურაცხყოფაც ფიგურირებს.

პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში გოქთაშმა ბრალდებები უარყო. მისი თქმით, ხუმრობები არც რელიგიური ღირებულებებისა და არც ყურანის მიმართ შეურაცხყოფას არ წარმოადგენდა. გოქთაშის განცხადებით, ერდოღანის „დიქტატორად” მოხსენიება პოლიტიკური განსაზღვრება იყო და არა შეურაცხყოფა.