რა აღმოაჩინა დედამ 25 წლის ქალის დღიურში, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიის გზით დაასრულა - გახმაურებული საქმის დეტალები

ნოელია

ესპანეთში გახმაურებული ევთანაზიის საქმის მონაწილე, 25 წლის ნოელია კასტილიოს დედამ პროკურატურას მიმართა და მისი ქალიშვილის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამოძიება მოითხოვა.

ნოელია კასტილიო 2026 წლის 26 მარტს ევთანაზიის პროცედურის შედეგად გარდაიცვალა. მის გადაწყვეტილებას წინ ხანგრძლივი სამართლებრივი დავა უძღოდა.

ახლა კი საქმეში ახალი დეტალები გამოჩნდა. ესპანური გამოცემა El País-ის ინფორმაციით, ნოელიას დედამ ბარსელონისა და ტარაგონას პროკურატურებში ორი საჩივარი შეიტანა და იმ ადამიანების იდენტიფიცირება მოითხოვა, რომლებმაც, მისი ქალიშვილის მონათხრობის მიხედვით, მასზე სექსუალურად იძალადეს.

ნოელია ამტკიცებდა, რომ სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მოაქციეს, რის შემდეგაც მასზე სამმა მამაკაცმა სექსუალურად იძალადა. სავარაუდო ძალადობის შემთხვევებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ნოელიამ თვითმკვლელობა სცადა. ის გადარჩა, თუმცა მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად პარაპლეგია განუვითარდა და ქრონიკული ფიზიკური ტკივილებით ცხოვრობდა.

მოგვიანებით ნოელიამ ესპანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული ევთანაზიის უფლებით სარგებლობა მოითხოვა. მის გადაწყვეტილებას მამა ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც პროცესი ხანგრძლივ სამართლებრივ დავაში გადაიზარდა. 2026 წლის 26 მარტს, 25 წლის ასაკში, ნოელია კასტილიო ევთანაზიის პროცედურის შედეგად გარდაიცვალა.

ახლა მისი დედა ცდილობს, ქალიშვილის მიერ დატოვებული წერილობითი მასალების საფუძველზე სავარაუდო ძალადობის შემთხვევები ოფიციალურად გამოიძიონ და შესაძლო დამნაშავეების ვინაობა დაადგინონ.