ქალმა აეროპორტის ტუალეტში იმშობიარა - დედა და ახალშობილი გარდაიცვალნენ (რუსეთი)

საპირფარეშო

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში მომხდარმა ტრაგედიამ საერთაშორისო და რუსული მედია შეძრა. შემთხვევა C ტერმინალის ჩამოფრენის ზონის საზოგადოებრივ ტუალეტში მოხდა, როდესაც 30 წლის ქალი  თურქეთიდან (ანტალიიდან) დაბრუნდა.

მედია საშუალებების (მათ შორის Telegram-არხების 112, Mash და Baza) ინფორმაციით, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა:

 თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ ქალს სამშობიარო ტკივილები დაეწყო. ის აეროპორტის ტუალეტის კაბინაში ჩაიკეტა, სადაც დამოუკიდებლად იმშობიარა და ჭიპლარიც თვითნებურად გადაჭრა.
თვითხილველების თქმით, ტუალეტის კაბინიდან ახალშობილის ტირილის ხმა ისმოდა. სავარაუდოდ, შიშისა და პანიკის გამო, დედამ ჩვილს სასუნთქი გზები ტუალეტის ქაღალდით გადაუკეტა, რამაც ბავშვის გაგუდვა გამოიწვია. ამის შემდეგ მან ჩვილის ცხედარი ურნაში გადააგდო. (გამოძიება ასევე ამოწმებს ვერსიას, ხომ არ დაიბადა ბავშვი უკვე მკვდარი).
ქალი იატაკზე იჯდა და კარებს ზურგით აწვებოდა. ირგვლივ მყოფი ხალხი, რომლებმაც სისხლი და ყვირილი შეამჩნიეს, ცდილობდა მის დახმარებას, თუმცა ის კატეგორიულ უარს ამბობდა კარის გაღებაზე.
მოგვიანებით ადგილზე ექიმები გამოიძახეს. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც რუსული მედია წერს, ქალი თურქეთში დასასვენებლად თავის 38 წლის პარტნიორთან და 11 წლის ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც მამაკაცმა გამოძიებას განუცხადა, მან არაფერი იცოდა ცოლის ორსულობის შესახებ. მისი თქმით, მხოლოდ გამომგზავრების წინა დღეს შეამჩნია ქალის გაზრდილი მუცელი, რაზეც ქალმა უპასუხა, რომ მას „მალე სიურპრიზი ელოდა“. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რათა ზუსტად დადგინდეს ახალშობილის სიკვდილის მიზეზი და ტრაგედიის ყველა გარემოება.

✕