ქალის ცხედარი ჩემოდანში იპოვეს - მკვლელობაში ბრალდებული ექიმი ქვეყნიდან გაქცევისას დააკავეს

მკვლელობა

კოლუმბიაში 36 წლის მოდელის, ნატალია მკვლელობის საქმეზე ბრიტანეთის მოქალაქე, 46 წლის ყოფილი ექიმი მეთიუ ფოსტერ-სმითი დააკავეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, მამაკაცი ეკვადორის დედაქალაქ კიტოს საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს, როდესაც, სავარაუდოდ, ლონდონში გაფრენას ცდილობდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოძიების ცნობით, ნატალია 22 ივნისს ბოგოტაში მდებარე ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც ბინაში მუდმივად ჩართული წყლის გამო შევიდნენ, ქალის ცხედარი აბაზანაში, დიდ ჩემოდანში აღმოაჩინეს. პროკურატურის ვერსიით, მკვლელობის შემდეგ ცხედრის დამალვა და დანაშაულის კვალის წაშლა სცადეს.

კოლუმბიის პროკურატურა აცხადებს, რომ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, როგორ შევიდა მამაკაცი ბინაში 17 ივნისს, ხოლო მეორე დღეს შენობას ტოვებს. გამოძიების ინფორმაციით, მოგვიანებით ის სამრეცხაოშიც დააფიქსირეს, სადაც, სავარაუდოდ, საწოლის თეთრეული მიიტანა. ეს გარემოებები ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად განიხილება.

დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ფოსტერ-სმითი მედიასთან საუბარში ბრალდებებს უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ მკვლელობის დროს ინგლისის ეროვნული ნაკრების საფეხბურთო მატჩს უყურებდა. თუმცა გამომძიებლების განცხადებით, მისი მონათხრობი სათვალთვალო კამერების ჩანაწერებსა და სხვა შეგროვებულ მტკიცებულებებს არ ემთხვევა.

გამოძიებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბრალდებულს ბრიტანეთში წარსულში უკვე ჰქონდა ნასამართლეობა თვალთვალისა და შურისძიების მიზნით ინტიმური მასალის გავრცელების საქმეებზე. კოლუმბიის პროკურატურა მის წინააღმდეგ დამამძიმებელ გარემოებებში ქალის მკვლელობის ბრალდების წარდგენას გეგმავს. ამ დანაშაულისთვის ადგილობრივი კანონმდებლობა 40-დან 50 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. მასში ჩართული არიან კოლუმბიისა და ეკვადორის სამართალდამცავი ორგანოები, ასევე ინტერპოლი. გამომძიებლები დამატებით ექსპერტიზებს ატარებენ, რათა მკვლელობის ყველა გარემოება დაადგინონ.