“ქალი მოკლა, სხეულის ნაწილები კი მდინარეში ჩაყარა…” - მკვლელობისთვის მამაკაცი დააკავეს (უცხოეთი)

policiis lenti

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში 26 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ქალი მოკლა, მისი ცხედარი დაანაწევრა და სხეულის ნაწილები მდინარეში გადაყარა. შემთხვევა საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მდინარეში ადამიანის ხელი იპოვეს.

სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს და გარდაცვლილის ვინაობის დადგენა მოახერხეს. მოკლული 26 წლის სამარა ელენ და სილვა აღმოჩნდა.

გამოძიების ფარგლებში პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ეჭვმიტანილი მსხვერპლის დედას მისი სახელით შეტყობინებებს უგზავნიდა. ეს დეტალი საქმეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებად იქცა. პოლიციამ ასევე გამოკითხა ქალის ყოფილი პარტნიორი, რომელმაც გამოძიებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.

9 სექტემბერს პოლიციამ 26 წლის ნატან რობერტო დე ოლივეირა სილვა დააკავა. მას ფემიციდი, ანუ ქალის გენდერული ნიშნით მკვლელობა ედება ბრალად. დაკავების შემდეგ მამაკაცმა დანაშაული აღიარა და სამართალდამცველებს ცხედრის დანაწევრებისა და მდინარეში გადაყრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილს წარსულში გაუპატიურებისა და ოჯახური ძალადობის საქმეებთან დაკავშირებული ისტორია ჰქონდა. პოლიცია ამჟამად ცხედრის სხვა ნაწილების მოძიებას ცდილობს. საქმის დეტალები და მკვლელობის ზუსტი მოტივი ჯერ კიდევ დგინდება.