ქალების შიშველი ფოტოების სანაცვლოდ ინდოეთის სამხედრო საიდუმლოებებს პაკისტანს გადასცემდა – გამოძიების დეტალები სკანდალური საქმიდან

ჯაშუშობის სკანდალური საქმე ინდოეთში

ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მაღალჩინოსანი, სავარაუდოდ, პაკისტანის დაზვერვასთან დაკავშირებულ პირს საიდუმლო სამხედრო ინფორმაციას ქალის შიშველი ფოტოების სანაცვლოდ აწვდიდა. სკანდალური საქმის დეტალები დელის პოლიციის მიერ სასამართლოში წარდგენილ ბრალდების დასკვნაში გახდა ცნობილი.

გამოძიების ინფორმაციით, ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ვინგ-კომანდერი პაკისტანელ ოპერატორს WhatsApp-ის საშუალებით 2026 წლის 12 იანვრიდან 1 აპრილამდე უკავშირდებოდა. პოლიციის მტკიცებით, მათ შორის ერთგვარი გარიგება შედგა: ყოველი მიღებული შიშველი ფოტოს სანაცვლოდ ოფიცერი საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების თითო გვერდს გადასცემდა.

ბრალდების დასკვნის თანახმად, ერთ-ერთი ასეთი ფოტოს მიღების შემდეგ ოფიცერმა პაკისტანელ ოპერატორს ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების საიდუმლო საომარი გეგმის გვერდი გაუზიარა.

გადაცემული ინფორმაციის ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. მასში შედიოდა სამხედრო ოპერაციების გეგმები, საიდუმლო დრონების დანაყოფის შესაძლებლობები და ორგანიზაციული სტრუქტურა, საბრძოლო თვითმფრინავების განლაგება, სამხედრო წვრთნების დეტალები და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ადგილმდებარეობა.

პოლიციის შეფასებით, ინფორმაციის გაჟონვას შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეექმნა ინდოეთის სამხედრო მზადყოფნისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

საქმის კიდევ ერთი საგანგაშო დეტალი ხუთ სხვა სამხედრო ოფიცერს უკავშირდება. გამოძიების ვერსიით, პაკისტანელი ოპერატორი ბრალდებულს სხვადასხვა აპლიკაციასა და ბმულს უგზავნიდა, რომლებიც, სავარაუდოდ, მავნე პროგრამებს შეიცავდა. ბრალდების თანახმად, ვინგ-კომანდერი მის დაქვემდებარებაში მყოფი ხუთი ოფიცრის ელექტრონულ მოწყობილობებზე ჯაშუშური პროგრამების დაყენებასაც უწყობდა ხელს. მიზანი მათ მოწყობილობებში შენახულ კონფიდენციალურ ინფორმაციასა და სამსახურებრივ მიმოწერაზე წვდომის მოპოვება იყო.

გამოძიების ფარგლებში WhatsApp-ის მიმოწერაც შეისწავლეს. პოლიციის ინფორმაციით, ოფიცერსა და სავარაუდო პაკისტანელ აგენტს შორის გაცვლილია 3 008 ტექსტური შეტყობინება, 65 ფოტო, 65 რეაქცია, განხორციელებულია 42 ხმოვანი და ოთხი ვიდეოზარი, ასევე გაგზავნილია ექვსი ინტერნეტბმული.

ოფიცერი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის საფუძველზეა დაკავებული და საქმეზე გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველები ამჟამად ადგენენ, კონკრეტულად რა მოცულობის საიდუმლო ინფორმაცია მოხვდა უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ხელში და ჰყავდა თუ არა სავარაუდო დანაშაულებრივ სქემას სხვა მონაწილეებიც.

✕