პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთს აძლევს უფლებას, საერთაშორისო და უცხოური სასამართლოების გადაწყვეტილებები არ შეასრულოს

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთს აძლევს უფლებას, საერთაშორისო და უცხოური სასამართლოების, ასევე სპეცტრიბუნალების გადაწყვეტილებები არ შეასრულოს. კანონის ტექსტის მიხედვით, რუსეთმა შეძლება, იმ სასამართლოების გადაწყვეტილებების იგნორირება მოახდინოს, რომლებსაც სისხლის სამართლებრივი უფლებამოსილება არა რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების მონაწილეობით აქვთ მინიჭებული.

ეს კანონი ასევე გავრცელდება საერთაშორისო სასამართლო ორგანოებში, თუ მათი კომპეტენცია არ არის დაფუძნებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე ან ისეთ საერთაშორისო შეთანხმებაზე, რომელსაც რუსეთიც აწერს ხელს.

ცნობისთვის, 2023 წელს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის და ბავშვების უფლებების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის უფლებამოსილი პირის, მარია ლვოვა-ველოვას დაკავების ორდერი გასცა. ჰააგის სასამართლოს პროკურორები მათ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებას ხელი 2000 წელს მოაწერა, თუმცა დოკუმენტის რატიფიცირება სახელმწიფო დუმას არ მოუხდენია. 2016 წელს კი კრემლმა ხელმოწერა უკან გაიწვია. 2025 წლის ივნისში უკრაინის პრეზიდენტმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რომლის მიზანი არის მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და რუსეთის პოლიტიკური თუ სამხედრო ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მიცემა.