პუტინმა დახურულ შეხვედრაზე მსხვილ ბიზნესმენებს შესთავაზა, გააკეთონ ნებაყოფლობითი შენატანები ბიუჯეტში უკრაინასთან ომის დასაფინანსებლად

putini

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დახურულ შეხვედრაზე მსხვილ ბიზნესმენებს შესთავაზა, გააკეთონ ნებაყოფლობითი შენატანები ბიუჯეტში უკრაინასთან ომის დასაფინანსებლად. ამის შესახებ ინფორმაცია წყაროებზე დაყრდნობით რუსულმა ეკონომიკურმა გამოცემა The Bell-მა გაავრცელა.

როგორც გამოცემა წერს, წყაროების თქმით, რუსეთის მეწარმეთა კავშირის ყრილობის კულუარებში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ აპირებს ომის გაგრძელებას და რუსეთის არმია დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე უნდა მივიდეს. ამის შემდეგ მან ბიზნესმენებს შესთავაზა ბიუჯეტში ნებაყოფლობითი შენატანების გაკეთება.

გამოცემის ინფორმაციით, „ბიზნესის შეჯანჯღარება“ პუტინს „როსნეფტის“ ხელმძღვანელმა, იგორ სეჩინმა შესთავაზა, რომელმაც შეხვედრამდე პუტინს წერილი გაუგზავნა, სადაც დაფინანსების მექანიზმად შეთავაზებული იყო სამხედრო ობლიგაციების გამოშვება.

ორი წყაროს ინფორმაციით, ბიზნესმენი სულეიმან ქერიმოვი მაშინვე დათანხმდა მოთხოვნას და ბიუჯეტში 100 მილიარდი რუბლის შეტანას დაჰპირდა პუტინს.