წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1774553839
საქართველო „აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყანა გახდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საფრანგეთის ქალაქ ლილში მოაწერა.
ხელმოწერის ცერემონია, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ გახსნა, სერიალების საერთაშორისო ფესტივალის (Series Mania) ფარგლებში გაიმართა. Series Mania ქ. ლილში 2018 წლიდან ტარდება და მასში, 75 ქვეყნიდან, კინოინდუსტრიის სფეროს 5000-მდე პროფესიონალი მონაწილეობს.
კონვენციაზე ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობასა და აუდიოვიზუალური პოლიტიკის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე აღებული ვალდებულების შესრულების კუთხით.
ამ კონვენციით ევროსაბჭო პირველად ამკვიდრებს მრავალმხრივ სტანდარტებს სერიალის ფორმატში შექმნილი ნაწარმოებებისთვის. კონვენცია მიღებულ იქნა 2025 წლის 26 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ. მისი მიზანია კულტურული მრავალფეროვნების დაცვა, დამოუკიდებელი საპროდიუსერო სექტორის გაძლიერება და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.
კონვენციაზე ხელის მოწერით მნიშვნელოვნად გაძლიერდება საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ შემოქმედებით ინდუსტრიასთან და გამარტივდება ევროპულ პლატფორმებთან, საპროდიუსერო კომპანიებსა და ტელეარხებთან პარტნიორობის ჩამოყალიბება.
კონვენციაზე ხელმოწერა მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული საპროდიუსერო კომპანიების შესაძლებლობებს, რათა მოიზიდონ უცხოური ინვესტიციები, ჩაებან მაღალბიუჯეტიან საერთაშორისო პროექტებში და მოახდინონ ქართული კულტურული პროდუქტის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე.
„დიდი ხანია, გაწევრიანებულნი ვართ სხვადასხვა ევროპულ კინოასოციაციაში და წლებია, ქართული კინოინდუსტრია აქტიურად მონაწილეობს კოპროდუქციებში. ამ კონვენციის საშუალებით კი გვეძლევა შესაძლებლობა, მსოფლიოს უდიდეს პლატფორმებზე ღირსეულად წარვდგეთ.
ქართული კინო- და ტელეინდუსტრიის განვითარებისთვის, დღეიდან, ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შესაძლებლობები იქმნება. ამ გადაწყვეტილებას ევროპასთან თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება.
ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან თანამედროვე კინოინდუსტრიაში დიდი წილი, სწორედ, ტელესერიალებზე მოდის.
ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ბატონ ალენ ბერსესთან. მან მადლიერება გამოთქვა ჩვენი ქვეყნის მიმართ ამ კონვენციასთან მიერთების გამო", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი UNESCO-ში ირაკლი ყურაშვილი.