საერთაშორისო საბანკო კონფერენციის გამართვა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც რეგიონის ფინანსური ცენტრის მზარდ როლს - ნათია თურნავა

ნათია თურნავა

30 ქვეყანა, 250-ზე მეტი დელეგატი და 100-მდე საფინანსო ინსტიტუტი. ბანკი "ქართუ" 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც ცენტრალური ევროპის ფარგლებს მიღმა პირველად ტარდება. ფორუმზე მსჯელობენ როგორც გლობალურ გამოწვევებზე ასევე საფინანსო ინსტიტუტების განვითარების პერსპექტივებზე. კონფერენციას პრემიერ მინისტრიც დაესწრო.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს საბანკო სისტემა მყარად მდგრადია.

"საერთაშორისო საბანკო კონფერენციის გამართვა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც რეგიონის ფინანსური ცენტრის მზარდ როლს. ეს ინტერესი ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებსა და მყარ ფინანსურ სექტორს ეფუძნება. საქართველოს საბანკო სისტემა კვლავ მყარი და მდგრადია. ის კარგად არის კაპიტალიზებული, ინარჩუნებს ლიკვიდობის ძლიერ ბუფერებს და სოლიდურ მომგებიანობას აჩვენებს. საკრედიტო აქტივობა ეკონომიკური ზრდის შესაბამისად აგრძელებს გაფართოებას.

ფინანსური სექტორის ძლიერი მაჩვენებლები, მყარ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ ფაქტორებთან და ღია, ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოსთან ერთად, საერთაშორისო ინვესტორებსა და კომპანიებს მხარდამჭერ საფუძველს უქმნის და ჩვენ მივესალმებით გლობალურ მოთამაშეებს ჩვენს ბაზარზე", - აცხადებს ნათია თურნავა.