POLITICO: ურსულა ფონ დერ ლაიენს დიპლომატიური „უფლებამოსილების გადამეტების“ გამო აკრიტიკებენ

ურსულა ფონ დერ ლაიენ

ევროპული მთავრობები გაღიზიანებულნი არიან იმით, რაც მათთვის ჰგავს ურსულა ფონ დერ ლაიენის მცდელობას დაიმკვიდროს თავი ევროკავშირის მთავარ წარმომადგენლად საზღვარგარეთ. მათი თქმით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის კამპანიის პირველ დღეებში ფონ დერ ლაიენმა საკუთარ მანდატს გადააჭარბა, - წერს Politico.

გამოცემასთან საუბარში 9 დიპლომატმა - ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა და კანონმდებელმა როგორც დიდი, ისე მცირე ევროპული ქვეყნებიდან, გააკრიტიკა ევროკომისიის პრეზიდენტის ქმედება, რომელსაც მათ „დიპლომატიური უფლებამოსილების გადამეტება“ უწოდეს. ირანის კრიზისის მართვის გამო გამოთქმულ უკმაყოფილებას ემატება უკმაყოფილება სხვა საგარეო პოლიტიკურ საკითხებზეც, მათ შორის: ევროკომისიის მცდელობა დააჩქაროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება და ფონ დერ ლაიენის მიდგომა დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ (Board of Peace) მიმართ.

გამოცემა წერს, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, ევროკავშირს ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება გაუჭირდა. რამდენიმე მთავრობა გაღიზიანებულია იმით, რომ ფონ დერ ლაიენი, როგორც ჩანს, იმ როლს ითავსებს, რომელიც ჩვეულებრივ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს, კაია კალასს ეკუთვნის. კრიზისის პირველ დღეებში ფონ დერ ლაიენმა თეირანში რეჟიმის შეცვლას დაუჭირა მხარი და სატელეფონო საუბრები გამართა ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებთან. კრიტიკოსების თქმით, მან არაერთხელ დააფიქსირა საჯარო პოზიციები, რომლებიც ბლოკის წევრებს შორის არსებულ კონსენსუსს სცილდება.

POLITICO-სთან საუბრისას დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ ფონ დერ ლაიენის აქტიური პოსტები სოციალურ ქსელში X)და საუბრები ყურის ქვეყნების ლიდერებთან, ფორმალურად ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პოზიციას არ წარმოადგენდა. კრიტიკოსებმა ასევე სკეპტიციზმი გამოხატეს იმის შესახებ, თუ რისი შეთავაზება შეეძლო ფონ დერ ლაიენს ყურის ქვეყნებისთვის, რომლებიც ირანის მხრიდან სარაკეტო და დრონების თავდასხმის ქვეშ არიან, მაშინ როცა მას არც სამხედრო რესურსები გააჩნია და არც ევროკავშირის ერთიანი საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის მანდატი აქვს.

გამოცემა ასევე წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკმაყოფილონი არიან ევროკომისიის მცდელობით, დააჩქაროს გაფართოების პროცესი და უკრაინა ბლოკში 2027 წლისთვის, სტანდარტული კრიტერიუმების სრულად დაკმაყოფილებამდე მიიღოს. დიპლომატებმა ურსულა ფონ დერ ლაიენის ადმინისტრაციას შეახსენეს, რომ გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია.