POLITICO: რომის პაპი უკრაინაში ომის დასასრულებლად მხარეებს დათმობებზე წასვლისკენ მოუწოდებს

რომის პაპი

რომის პაპმა ლეო XIV-მ კომპრომისისკენ მოუწოდა და მეომარ მხარეებს უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად დათმობებზე წასვლისკენ მოუხმო, - წერს გამოცემა POLITICO.

„სამწუხაროდ, ომი დაბრუნდა ევროპაშიც კი“, - განაცხადა რომის პაპმა ქალაქ მეცში სიტყვით გამოსვლისას. „ჩვენ უნდა ვიკისროთ მოთმინებით აღჭურვილი დიალოგის ვალდებულება, გამოვიჩინოთ სიმამაცე მოლაპარაკებებში და მზად ვიყოთ გარკვეულ პოზიციებზე უარის სათქმელად მშვიდობის უმაღლესი სიკეთისთვის“.

პაპმა ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის დასკვნით დღეს ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში მან მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, აღავლინა მასშტაბური წირვა პარიზის ცენტრში და მიგრანტების მიმართ დიალოგისა და თანაგრძნობის გამოჩენისკენ მოუწოდა.

„პაპს არ დაუკონკრეტებია, თუ რა დათმობებზე წასვლა შეიძლება მოუწიოთ კიევს ან მოსკოვს მშვიდობის მიღწევის მიზნით. რუსული ძალები განუწყვეტლივ ბომბავენ უკრაინას და დონეცკის ოლქში დაწინაურებას ცდილობენ, თუმცა, ოთხნახევარზე მეტი წლის განმავლობაში მიმდინარე სრულმასშტაბური ომის მიუხედავად, რუსულმა არმიამ ვერ შეძლო კიევის დამორჩილება“, - ნათქვამია სტატიაში.

✕