რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
ევროპარლამენტის წევრებს სურთ, რომ ევროპარლამენტმა გაყინოს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმება, რაც პასუხია დონალდ ტრამპის მუქარაზე გრენლანდიასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
„ეს შეთანხმება უკიდურესად არაპოპულარული იყო სხვადასხვა პარტიულ წრეებში, რადგან მიიჩნეოდა, რომ ის აშკარად ვაშინგტონის ინტერესებს ემსახურებოდა, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ის წარადგინა, როგორც ფასი, რომელიც ტრამპის კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად უნდა გადახდილიყო“, - ნათქვამია სტატიაში.
თუმცა, მიმდინარე კვირაში ტრამპმა რიტორიკა გაამკაცრა და განაცხადა, რომ „გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით გვჭირდება“, მან ასევე არაერთხელ თქვა უარი სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობის გამორიცხვაზე.
ამის შედეგად, ევროპარლამენტარები ცენტრისტულ-მემარცხენე, ლიბერალური, მწვანეთა და მემარცხენე ჯგუფებიდან აცხადებენ, რომ ეს შეთანხმება უნდა დაიბლოკოს.
„ვერ წარმომიდგენია, რომ არსებულ ვითარებაში ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირონ რაიმე სავაჭრო ღონისძიებას, რომელიც აშშ-ისთვის იქნება სარგებლის მომტანი“, - განუცხადა POLITICO-ს „მწვანეების“ წამყვანმა კანონმდებელმა სავაჭრო საკითხებში და შიდა ბაზრის კომიტეტის თავმჯდომარემ, ანამარია კავაცინიმ.
„თუკი ჩვენ ამას მწვანე შუქს ავუნთებთ, გვჭირდება გარანტიები, რომ აშშ შეწყვეტს ტარიფების დაწესებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მუქარებს“, - განაცხადა „განახლების“ გავლენიანმა ფიგურამ სავაჭრო საკითხებში, კარინ კარლსბრომ. „ამერიკის შეერთებულ შტატებს არ უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა სავაჭრო შეთანხმებისადმი გარანტირებული და თავისთავად ნაგულისხმევია“.
დანიელმა ევროპარლამენტარმა, პერ კლაუსენმა - მემარცხენეების ჯგუფიდან - ყველა ევროპარლამენტარს დაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვს მათ, მხარი დაუჭირონ მის მოწოდებას პარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასადმი, რათა ამ უკანასკნელმა შეთანხმებაზე საპარლამენტო მუშაობა გაყინოს.
„თუ ჩვენ ამ შეთანხმებას მივიღებთ იმ ფონზე, როდესაც ტრამპი საერთაშორისო წესრიგს ემუქრება და პირდაპირ ტერიტორიულ პრეტენზიებს აცხადებს დანიის მიმართ, ეს აღქმული იქნება როგორც მისი ქმედებების წახალისება - და მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამს“, - განაცხადა კლაუსენმა.
პარლამენტის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი, ევროპის სახალხო პარტია, ჯერჯერობით თავშეკავებულ პოზიციას ინარჩუნებს.
„ეს ურთიერთგამომრიცხავი საკითხებია“, - განაცხადა ჟელიანა ზოვკომ, ჯგუფის მომხსენებელმა აშშ-ის საკითხებში, როდესაც მას ჰკითხეს, უნდა გაყინოს თუ არა პარლამენტმა სავაჭრო შეთანხმება გრენლანდიის გამო.