4 წლის გალა გასვიანის ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს - როგორ გააოცა პატარა გენიოსმა მაყურებელი
1767981989
ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ვაქცინაციას არასაკმარისი ახალგაზრდა მამაკაცი იტარებს, რაც ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება აფერხებდეს საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრას (ელიმინაცია).
მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევრები ფიქრობენ, რომ თუ უფრო მეტი ბიჭი აიცრება ვაქცინა Gardasil-ით, შეიძლება მრავალი სიცოცხლე გადაურჩეს ადამიანის პაპილომავირუსთან დაკავშირებულ კიბოებს, მათ შორის, საშვილოსნოს ყელის, ანალურ, პენისის და პირის ღრუს კიბოებს.
ჯგუფის ახალი მათემატიკური მოდელი აჩვენებს, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სამხრეთ კორეა, სადაც ადამიანის პაპილომავირუსზე ვაქცინაციას მხოლოდ გოგონებს უტარებენ, ამჟამინდელი დაფარვა არასაკმარისია კიბოს გამომწვევი შტამების წინააღმდეგ კოლექტიური იმუნიტეტის წარმოსაქმნელად.
ეს სიტუაცია შეიძლება შეცვალოს ამ ქვეყანაში ბიჭების 65 პროცენტის ვაქცინაციამ.
„ბიჭების ვაქცინაცია ამცირებს გოგონების დიდი ნაწილის ვაქცინაციის აუცილებლობას. ეს ელიმინაციას უფრო რეალისტურად მიღწევადს ხდის“, — ამბობს კვლევის ავტორი, მათემატიკოსი აბა გამელი.
გამელისა და მისი ჯგუფის სიმულაციები მიუთითებს, რომ თუკი სამხრეთ კორეის პაპილომავირუსის ვაქცინაციის პროგრამა ბიჭებზეც გავრცელდება, ამ ქვეყანაში ადამიანის პაპილომავირუსთან დაკავშირებული კიბოები შეიძლება მომდევნო 70 წელიწადში აღმოიფხვრას.
ახალი მოდელი დააკალიბრეს სამხრეთ კორეის კიბოს მონაცემების გამოყენებით, მაგრამ მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია სხვა ქვეყნების ვაქცინაციის პროგრამების შესაფასებლად.
გამელის პროგნოზით, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, კაცებსა და ქალებში დაახლოებით 70-პროცენტიანი დაფარვა საკმარისი იქნება კოლექტიური (ჯოგური) იმუნიტეტის მისაღწევად.
ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) განსაკუთრებით გადამდები ვირუსია, რომელიც სქესობრივი გზით ან კანისა და სითხეების მეშვეობით ვრცელდება. მისი გამოწვეულია საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევა; ეს კიბო ყოველწლიურად მსოფლიოში 300 000-ზე მეტ ადამიანს კლავს.
HPV-ის პირველ ვაქცინას ლიცენზია 2006 წელს მიენიჭა და თავდაპირველად, მისი მიზანი იყო დაეცვა ხალხი HPV-ის იმ შტამებისგან, რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს.
თავიდან, ფარმაცევტული კომპანიები ვაქცინას პრევენციულ მედიკამენტად ყიდდნენ, რომელიც სპეციალურად ქალებისთვის იყო განკუთვნილი. მართლაც, ვაქცინამ დაამტკიცა, რომ წარმოუდგენლად ეფექტიანი იყო საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციაში. გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, ზოგიერთ რეგიონში საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები თითქმის 90 პროცენტით შემცირდა.
თუმცა, მაინც ბევრი სიცოცხლეა კიდევ გადასარჩენი, მათ შორის, კაცები. პაპილომავირუსის ვაქცინაციის პოლიტიკაში არსებული გამუდმებული „გენდერული მიკერძოება“ და როგორც ზოგიერთი მკვლევარი ირწმუნება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომუნიკაცია საჭიროებს უფრო მეტი სარგებლისკენ მიმართვას.
დღეს მეცნიერებმა უკვე იციან, რომ პაპილომავირუსთან დაკავშირებული კიბოების რისკის ქვეშ ქალებიც არიან და კაცებიც, მათ შორის არის ანალური, პენისის, ვაგინალური, თავისა და კისრის კიბოები. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ძალიან ცოტა ახალგაზრდა კაცი იცრება — უზარმაზარი სქესობრივი შეუსაბამობა, რომლის გამოსწორებაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მრჩევლებს სურთ.
მაგალითად, ახალმა მოდელმა დაადგინა, რომ სამხრეთ კორეაში საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრა ვერ მოხდება, თუკი არ მოხდა უფრო მეტი ბიჭის ვაქცინაცია.
სიმულაციების თანახმად, სამხრეთ კორეის ამჟამინდელი ვაქცინაციის პროგრამით საჭიროა ახალგაზრდა ქალების 99 პროცენტის აცრა, რათა მიიღწეს კოლექტიური იმუნიტეტი.
ამჟამად, ახალგაზრდა ქალების ვაქცინინაციის მაჩვენებელი 88 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ პაპილომავირუსთან დაკავშირებული კიბოები მოსახლეობაში მაინც რჩება.
თუმცა, ეს ყველაფერი შეიცვლება, თუკი მოხდება ბიჭების ვაქცინირებაც. თუკი ამ ქვეყანაში აიცრება მამაკაცების 65 პროცენტი, ქალების მაჩვენებელი კი შენარჩუნდება — ახალი მოდელი აჩვენებს, რომ სამხრეთ კორეა კოლექტიურ იმუნიტეტს მიაღწევს.
თუკი ქალებში ვაქცინაციის მაჩვენებელი ოდნავ, 80 პროცენტამდე შემცირდება, სამხრეთ კორეაში საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაცია მაინც მიღწევადი იქნება, თუკი მოხდება კაცების 80 პროცენტის იმუნიზაცია.
გასული 20 წლის განმავლობაში, სამხრეთ კორეაში ადამიანის პაპილომავირუსთან დაკავშირებული კიბოების შემთხვევები კაცებში გასამმაგდა. თუკი აიცრება მეტი ბიჭი, მოხდება მომავალში ამ კიბოებისგან სიკვდილის პრევენციაც.
ამ შედეგების გათვალისწინებით, კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ ასევე უნდა მოხდეს 12-დან 17 წლამდე ასაკის ბიჭების ვაქცინაცია გოგონებთან და იმ ხანდაზმულ ქალებთან ერთად, რომლებიც შეიძლება ახალგაზრდობაში არ აიცრნენ.
ახალი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ხანდაზმული ინდივიდების ვაქცინაცია მაინც უზრუნველყოფს გარკვეულ თავდაცვას ამ ძლიერ გადამდები ვირუსისგან.
ზოგიერთი შეფასებით, თუკი მსოფლიო მიაღწევს პაპილომავირუსის ვაქცინაციის ფართომასშტაბიან დაფარვას და გაფართოვდება საშვილოსნოს სკრინინგის მაჩვენებელიც, შემდეგი საუკუნის დამდეგს, შეიძლება მივაღწიოთ საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრას მსოფლიოს 149 ქვეყანაში.
ამ მიზნის მიღწევაში საკვანძო შეიძლება იყოს ბიჭების ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდა.
„საშვილოსნოს ყელის კიბო ყოველწლიურად მსოფლიოში 350 000 ადამიანს არ უნდა გვართმევდეს. შეგვიძლია ვიხილოთ ადამიანის პაპილომავირუსისა და მასთან დაკავშირებული კიბოების აღსასრული, თუკი გავაუმჯობესებთ ვაქცინაციის დაფარვას“, — ამბობს კვლევის ავტორი, მათემატიკოსი აბა გამელი.
მომზადებულია cmns.umd.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა.