პესკოვი ჰააგას გადაწყვეტილებას აღმაშფოთებელს უწოდებს

პესკოვი - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დასაკავებლად ორდერის გაცემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია არ აღიარებს ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და მისი გადაწყვეტილებები ძალადაკარგულად მიაჩნია.

„საკითხის თავად ფორმულირება აღმაშფოთებლად და მიუღებლად მიგვაჩნია, რუსეთი, ისევე როგორც სახელმწიფოთა რიგი, არ აღიარებს ამ სასამართლოს იურისდიქციას და, შესაბამისად, მსგავსი სახის ნებისმიერი გადაწყვეტილებები რუსეთის ფედერაციისთვის სამართლის მხრივ ძალადაკარგულია”, - განაცხადა პესკოვმა.

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.