პედრო სანჩესმა შესაძლოა, ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნოს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საბინაო პოლიტიკის შესახებ მთავრობის ორი კანონპროექტი უარყო - „პოლიტიკო“

პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საბინაო პოლიტიკის შესახებ მთავრობის ორი მნიშვნელოვანი კანონპროექტი უარყო. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.

კანონპროექტები მთავრობამ მიმდინარე კვირის დასაწყისში  წარადგინა. მიზანი მოიჯარეთა დაცვა და ბაზრის მკაცრ კონტროლია.  ინიციატივა 87 წლის ქალის გამოსახლებას მოჰყვა, რამაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია.

პარლამენტის სესიის წინა დღეს, სამთავრობო წყაროებმა ესპანურ გაზეთ „ელ პაისს“ განუცხადეს, რომ სანჩესი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ფიქრობს. ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, იოლანდა დიასმა აღნიშნა, რომ ის  სანჩესს ესაუბრა და ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობა არ გამორიცხა.

პარლამენტის მოწვევის ვადა მომავალ ზაფხულს იწურება. როგორც მედია წერს, სულ უფრო მეტი ვარაუდი ვრცელდება, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელიც სეუტაში მიმდინარე მიგრაციის კრიზისის, ასევე მისი ოჯახის წევრებისა და ახლო პოლიტიკური მოკავშირეების კორუფციის საქმეების გამო ზეწოლის ქვეშაა, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაფერის მომენტს ეძებს.

✕