ნეთანიაჰუ: ნობელის პრემიის კომიტეტმა მორალური კომპასი დაკარგა - მან თავისი უმაღლესი ჯილდო გადასცა მოძულე ფანატიკოსს, რომელმაც მთელი კარიერა ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ ცილისწამებების შეთხზვასა და გავრცელებას დაუთმო

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ნობელის პრემიის კომიტეტმა მორალური კომპასი დაკარგა - მან თავისი უმაღლესი ჯილდო გადასცა მოძულე ფანატიკოსს, რომელმაც მთელი კარიერა ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ ცილისწამებების შეთხზვასა და გავრცელებას დაუთმო, - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაში.

„ნავი პილაის ყველაზე დიდი „მიღწევა“ იმ კორუმპირებული პროკურორის გათეთრება და ლეგიტიმაცია იყო, რომელმაც ისრაელის წინააღმდეგ პილაის შეთხზულ სიცრუეს მოჰკიდა ხელი - იმ იმედით, რომ ამ ბოროტმოქმედთა ბრბოსთან შეერთებით გაუპატიურების ბრალდებას აირიდებდა.

კარიმ ხანმა, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლები გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, პილაის სიცრუეები ისრაელის წინააღმდეგ ყალბი ბრალდების ასაგებად გამოიყენა.

პილაიმ სიცრუე მიაწოდა, ხანმა კი ის იარაღად აქცია. ახლა კი ნობელის კომიტეტის გზააბნეული წევრები პატივს მიაგებენ ქალს, რომელიც ებრაელების დემონიზაციასა და მართლმსაჯულების მასხრად აგდებას ეწეოდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა ნავი პილაი - გაეროს ადამიანის უფლებათა ყოფილი უმაღლესი კომისარი. ნობელის კომიტეტმა ნავი პილაის მშვიდობის პრემია მიანიჭა მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის. კომიტეტმა ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან როლსაც, რომელიც ნავი პილაიმ შეასრულა ომის დანაშაულთან, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთან და გენოციდთან ბრძოლაში.

✕