მარიამ შენგელია მიმართვას ავრცელებს
1747392996
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი უკრაინაში მიმდინარე ომის ერთ-ერთ უდიდეს მომხრედ მოიხსენია.
სიიარტომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ანტალიაში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე მისმა პოლონელმა კოლეგამ გაიმეორა უკრაინის ცილისმწამებლური კამპანია მათ წინააღმდეგ.
„ნატო-ს შეხვედრაზე, ვლადისლავ სიკორსკიმ, ომის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მხარდამჭერმა გაიმეორა უკრაინის ცილისმწამებლური კამპანია ჩვენ წინააღმდეგ. მკაცრად უარვყოფ მის ბრალდებებს. ეს არის კოორდინირებული თავდასხმა, რათა მოხდეს ჩვენი დისკრედიტაცია და გაჩუმება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, -წერს სიიარტო.
სიიარტოს კომენტარზე საპასუხოდ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იკითხა, მართლა ახორციელებდა თუ არა უნგრეთის სამხედრო დაზვერვა ოპერაციებს ზაკარპატიეში, როგორც ამას უკრაინა ამტკიცებს.
„ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები ამ სერიოზული საკითხის შესახებ. ჩემთვის რთულია, გავიგო უნგრეთის მტრული დამოკიდებულება უკრაინის მიმართ“, – აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ.
მანამდე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოავლინა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ქსელი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯაშუშობდა. როგორც უკრაინის უსაფრთხოების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ზაკარპატიის ოლქში უნგრული სპეცსამსახურის ორი აგენტი დააკავეს.