მუზეუმში გამოფენილი ლუდის ქილა თანამშრომელს ნაგავი ეგონა და ურნაში გადააგდო

ლუდის ქილა

ერთი ადამიანის ნაგავი მეორისთვის განძიაო, ხომ გაგიგიათ?! ნიდერლანდებში მდებარე მუზეუმმა ეს გამოთქმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა.

LAM-ის მუზეუმში ფრანგი არტისტის, ალექსანდრ ლავეს ნამუშევარი, ერთად გატარებული კარგი დრო იყო გამოფენილი, რომელსაც ლუდის ქილის ფორმა აქვს და შორიდან, შესაძლოა, მართლაც ნამდვილი ალუმინის ქილა გეგონოთ. ნამუშევარს ახლოდან თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ეს აკრილის ნამუშევარია, რომელიც ხელითაა მოხატული.

თუმცა, როგორც ჩანს, ამ ქილამ ზოგის დაბნევა მოახერხა - მუზეუმის ერთ-ერთ თანამშრომელს ეს ნამუშევარი მუშების მიერ დატოვებული ნაგავი ეგონა და ნაგავში მოისროლა. მუზეუმის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს თანამშრომელი ლიფტის ტექნიკოსია და შეცდომა იმიტომ დაუშვა, რომ ნამუშევარი ლიფტის მინის შახტში იყო განთავსებული.

ხელოვნების ნიმუშების უჩვეულო ადგილებში განთავსება ამსტერდამიდან 30 კილომეტრში, ქალაქ ლისში მდებარე LAM-ის მუზეუმის ხელწერაა. სწორედ ამიტომ იდო ლუდის ქილა უცნაურ სივრცეში.