სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
ყოველწლიურად მთვარე დედამიწას 3.8 სანტიმეტრით შორდება. ამ მანძილის გამოთვლაში ასტრონომებს იქ განთავსებული სარკეებისკენ ლაზერის სხივების გაგზავნა და მათი გადაადგილების დროზე დაკვირვება ეხმარება. ასე დისტანციის ცვლილებებს აფიქსირებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ დედამიწასა და მთვარეს შორის არსებული მანძილი თვის განმავლობაში ისედაც იცვლება, რადგან ჩვენი თანამგზავრი იდეალურ წრეზე არ მოძრაობს. სხვაობა დაახლოებით 20 000 კილომეტრია და სწორედ ამის გამოა, რომ ზოგჯერ სავსე მთვარე ჩვეულებრივზე დიდად მოჩანს (სუპერმთვარე).
და მაინც, რატომ გვშორდება ჩვენი მეზობელი ციური სხეული? საქმე მოქცევით ტალღებშია, რომლებსაც ობიექტებს შორის გრავიტაციული ძალის სხვაობა წარმოქმნის. მაგალითად, მთვარის მიზიდულობა 4%-ით უფრო ძლიერია, ვიდრე დედამიწის იმ ნახევარსფეროსი, რომლისკენაც ისაა მიბრუნებული. ეს ოკეანეების მიქცევ-მოქცევას იწვევს.
მთვარის ყველა რეგიონში ერთნაირი გრავიტაცია არაა. ყველაზე ძლიერი ის იმ მხარესაა, რომელიც დედამიწასთან უფრო ახლოსაა, შორეულ მხარეს კი პირიქითაა. ეს პლანეტის ორ საპირისპირო ნაწილში წყლიანი არეალის "გაბერვას" იწვევს — ბუნებრივი თანამგზავრისკენ და მის საწინააღმდეგოდ.
დედამიწის ბრუნვისას უახლოესი ამოზნექილი ადგილი თავად მთვარეზეც ზემოქმედებს. ის მას არამხოლოდ დედამიწის ცენტრისკენ ექაჩება, არამედ მოძრაობასაც აჩქარებს, რაც ორბიტის ზომის ზრდას იწვევს. შესაბამისად, მთვარესა და ჩვენს პლანეტას შორის მანძილიც ნელ-ნელა იზრდება.
პარალელურად, ამ ციური სხეულის იმპულსიც იმატებს, საპასუხოდ კი დედამიწის ბრუნვა ნელდება, რადგან იმპულსს საკუთარ თანამგზავრს გადასცემს. ამის გამო დღის ხანგრძლივობა უმნიშვნელოდ იზრდება. ეს ჩვენთვის შეუმჩნეველია და უახლოესი მილიონობით წლის განმავლობაში ასე იქნება — მთვარის დაბნელებებსაც ისევ ვიხილავთ, ტალღების მიმოქცევაც არ შეჩერდება და დღე-ღამეც კვლავ 24 საათი გაგრძელდება.
ძველად მთვარე ჩვენთან ბევრად ახლოს იყო, რადგან ის დედამიწასთან თეიას სახელით ცნობილი პროტოპლანეტის შეჯახების შედეგად წარმოიქმნა. ეს დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ მოხდა და მაშინ ცაში რომ აგვეხედა, ძალიან დიდ კაშკაშა დისკოს დავინახავდით. დამატებით ისიც ვიცით, რომ 70 მილიონი წლის წინ დღე-ღამეში მხოლოდ 23.5 საათი იყო.
მომავალში, ათობით მილიარდი წლის შემდეგ, საინტერესო რამ შეიძლება მოხდეს. კერძოდ, დედამიწის ბრუნვა ისე შენელდება, რომ მთვარის მიერ საკუთარ ორბიტაზე გადაადგილების დროს დაემთხვევა. ამის გამო ჩვენი თანამგზავრი დედამიწის მხოლოდ ერთი ნახევარსფეროდან გამოჩნდება.
ეს სცენარი, დიდი ალბათობით, არ ახდება, რადგან რამდენიმე მილიარდ წელში მზე წითელ გიგანტად გადაიქცევა და ოკეანეებს ააორთქლებს. შედეგად წყლის ამოზნექილი რეგიონებიც აღარ იქნება, ანუ მთვარეზე ვერ იმოქმედებს. საბოლოოდ, ჩვენი ვარსკვლავი დედამიწასა და მთვარეს გაანადგურებს, მაგრამ ეს ძალიან შორეულ მომავალშია მოსალოდნელი (იხილეთ: როდის "ჩაქრება" ჩვენი მზე?).