მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი ფრენა სიდნეისა და ლონდონს შორის 2027 წელს შესრულდება

კანტასი

ავსტრალიურმა ავიაკომპანიამ „Qantas“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პროექტის „Project Sunrise“ ფარგლებში, სიდნეისა და ლონდონს შორის პირველი პირდაპირი რეისი 2027 წლის ოქტომბერში შესრულდება.

ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი სამგზავრო ფრენა, რომელიც ორ ქალაქს შორის არსებულ 16 000-ზე მეტ კილომეტრს, ისტორიაში პირველად, ყოველგვარი შუალედური გაჩერების გარეშე დაფარავს. ფრენის ხანგრძლივობა, სავარაუდოდ, 19-დან 22 საათამდე იქნება.

ავიაკომპანიამ უკვე წარადგინა ამ რეისებისთვის სპეციალურად მოდიფიცირებული პირველი ხომალდი, Airbus A350-1000ULR (Ultra Long Range). „Project Sunrise“-ის შემდგომი ეტაპი ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს სხვა საერთაშორისო ცენტრებთან დაკავშირებასაც ითვალისწინებს – მომდევნო დადასტურებული მიმართულება სიდნეი-ნიუ-იორკი იქნება, რომლის ზუსტ განრიგსაც კომპანია მომავალ წელს გამოაქვეყნებს. ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ რეგულარულ უწყვეტ ფრენად „Singapore Airlines“-ის სინგაპური-ნიუ-იორკის რეისი ითვლება, რომელიც 15 349 კილომეტრს 19 საათზე ოდნავ ნაკლებ დროში ფარავს.

თუმცა, სინგაპურის ავიახაზების რეისისგან განსხვავებით, რომელიც მგზავრებს ეკონომკლასის ადგილებს არ სთავაზობს, Qantas-ი ხელმისაწვდომობას ამ კატეგორიისთვისაც შეინარჩუნებს – ავსტრალიური ავიაკომპანია ეკონომკლასით 140 მგზავრს გადაიყვანს (ჯამში კი, 238-ს).