სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
დედამიწაზე კლიმატის ცვლილება მიმდინარეობს, რომელიც უფრო და უფრო მწვავდება. სათბურის აირების დიდძალი ემისიები და გარემოს დაბინძურება გლობალურ დათბობას აუარესებს, რისი შედეგებიც ბუნებრივი კატასტროფების სახით უკვე სახეზეა.
2024 წელს მსოფლიო მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ივარაუდა, რომ გლობალური ტემპერატურა 1.34-1.41°C-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე ინდუსტრიალიზაციამდე პერიოდში, 1850-1900 წლებში. ახალი ანგარიშის მიხედვით, სიტუაცია გაუარესდა, რადგან 2015-34 წლების საშუალო ტემპერატურული მატების პროგნოზი 1.44°C-მდე ავიდა.
ყოველწლიურ-დეკადური გლობალური კლიმატური განახლების თანახმად, პლანეტაზე მომდევნო 5 წელში ინდუსტრიალიზაციამდე პერიოდთან შედარებით 1.2°C-1.9°C-ით უფრო დაცხება. 86%-ია შანსი, რომ გლობალურმა ტემპერატურამ 1.5°C-იან ნიშნულს გადააჭარბოს, რაც შემდეგი 5 წლიდან სულ მცირე 1 წელში მაინცაა მოსალოდნელი. ამ პერიოდში 2°C-იანი დათბობის შანსი ბევრად დაბალია — 1%.
ამის მიუხედავად, 70%-ით უნდა ველოდოთ, რომ 5-წლიანი საშუალო მატება 1.5°C-ს გადააჭარბებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან პარიზის შეთანხმება ხანგრძლივი პერიოდის გლობალური საშუალო მაჩვენებლის 1.5°C-ით შეზღუდვას ითვალისწინებს, რაც 20 წელზე მეტ დროზე ვრცელდება. საბედნიეროდ, ეს მიჯნა ჯერ არ გადაგვილახავს, თუმცა ზემოხსენებული პროგნოზები და მატების ტენდენცია უკვე საგანგაშოა.
ახალი ანგარიშის მიხედვით, ეს ყველაფერი რეგიონულ ატმოსფერულ ნალექზეც აისახება. მაგალითად, აფრიკულ საჰელში, ჩრდილოეთ ევროპასა და სამხრეთ აზიაში ჩვეულებრივზე ხშირი წვიმა იქნება, ხოლო ამაზონის რეგიონში გვალვები გაგრძელდება.
არქტიკაში ყველაზე კატასტროფული ცვლილებებია მოსალოდნელი. იქ მომდევნო 5 ზამთრის განმავლობაში (ნოემბრიდან მარტამდე) საშუალი ტემპერატურა 2.4°C-ით გაიზრდება, ვიდრე ინდუსტრიალიზაციამდე პერიოდში.
ასევე, ზღვის ყინული უფრო და უფრო შემცირდება, განსაკუთრებით ბარენცის, ბერინგისა და ოხოტის ზღვებში. ამის შედეგად წყლის დონეც გაიზრდება და მსოფლიოს მასშტაბით ამინდი შეიცვლება.
გაერო გვაფრთხილებს, რომ საჭირო ზომები წინასწარ უნდა მივიღოთ, სანამ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გვაქვს.