1758051983
მეცოლა აცხადებს, რომ უკრაინასთან ყოველდღიური თანამშრომლობის მიზნით, ევროპარლამენტი კიევში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროპარლამენტი კიევში თავის მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის უკრაინასთან ყოველდღიური თანამშრომლობისთვის.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მეცოლამ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტის თქმით, კიევში მისი ვიზიტის მიზანია უკრაინასთან თანამშრომლობის გაძლიერება.
„ჩვენ ვხსნით ევროპარლამენტის მუდმივ წარმომადგენლობას აქ, კიევში, რათა ვიყოთ წარმოდგენილი უკრაინაში და ვიმუშაოთ აქ, თქვენ გვერდით ყოველდღიურად“, – განაცხადა მეცოლამ.
მისი თქმით, ეს იყო ევროპის ვალდებულება უკრაინელების წინაშე, რომელსაც ის ასრულებს.
„ჩვენ ვართ აქ, თქვენთან და აქ ვართ იმისთვის, რომ დავრჩეთ. ასევე ვაცხადებთ: თქვენ არასდროს ივლით მარტო. როდესაც მშვიდობა დამყარდება, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენ გვერდით დგომას აღდგენისა და აღმშენებლობის პროცესში“ , – აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რომელიც უკრაინის დედაქალაქში დღეს ჩავიდა.