შალვა პაპუაშვილი ფულის გათეთრების საქმეზე: დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს ამაში ხელისუფლების მონაწილეობას

შალვა პაპუაშვილი

დანაშაულები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს ამაში ხელისუფლების მონაწილეობს, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფულის გათეთრების საქმეზე საუბრისას.

„დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს ამაში ხელისუფლების მონაწილეობას. დამნაშავე ის დამნაშავეა, რომ ფარულად მოქმედებს, რაღაც სქემებს მოიგონებს და ამიტომაც ხდება დანაშაული. ნახეთ ბაჩიაშვილის შემთხვევა - კაცმა მილიარდნახევარი გააქრო. როდესაც ადამიანს აქვს საკმარისი კრიმინალური ენერგია და და ტვინიც მიჰყვება, რომ რაღაც სქემები მოიფიქროს, ასე ხდება ყველა დანაშაული. მარტივად რომ იყოს კრიმინალთან ბრძოლა, კრიმინალი აღარ იარსებებს. ჩვენ რაც მოვისმინეთ ვალუტის მაქინაციასთან დაკავშირებით, ამ დონის მაქინაციას მოფიქრება სჭირდება. იმდენად უცნაური დანაშაულია, საერთოდ რა სქემაა, წარმოდგენა მიჭირს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

2 მილიარდ ლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე დაკავებული კახა კოტორაშვილია. სავარაუდოდ, დღეს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ იმსჯელებს.

მთავარმა საგამოძიებო უწყებამ სუსთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა. მეზობელი ქვეყნიდან სამალავებით ნაღდი ფული ქვეყანაში შემოჰქონდათ და უკანონო გზით ათეთრებდნენ.