მედია: ბოლო კვლევის თანახმად, გერმანიის მოქალაქეების უმრავლესობა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის წინააღმდეგია

ვოლოდიმირ ზელენსკი

ბოლო კვლევის თანახმად, გერმანიის მოქალაქეების უმრავლესობა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის წინააღმდეგია და არ სურს, ბერლინმა კიევს დახმარება კვლავ გაუწიოს.

გამოკითხულთა 53% უკრაინის სამხედრო დახმარებას ეწინააღმდეგება. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ერთი წლის წინანდელ მონაცემს, როდესაც დახმარების წინააღმდეგი რესპონდენტების მხოლოდ 39% იყო.

უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებას მხარს ამჟამად მხოლოდ 46% უჭერს. ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე ერთი წლის წინ (59%) და ორი წლის წინ (57%) იყო.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემების შესახებ "კიორბერის ფონდის" მიერ ჩატარებული წარმომადგენლობითი კვლევა მიუთითებს, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართ გერმანიის მოქალაქეების დამოკიდებულებას შეისწავლის.

კვლევის ფარგლებში, საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა კომპანია Forsa-მ სექტემბერში სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც საარჩევნო უფლების მქონე 1 501 მოქალაქე გამოიკითხა.

აღმოსავლეთ გერმანიაში, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას მხარს მხოლოდ 31% უჭერს. თუმცა, დასავლეთ გერმანიაშიც ამ დახმარების მომხრეები უმრავლესობას აღარ წარმოადგენენ - მათ წილი 48%-ია.

უკრაინისთვის დახმარების გაწევას მხარს უჭერს "ქრისტიან-დემოკრატიული" და "ქრისტიან-სოციალური კავშირების" (CDU/CSU) პარტიების მხარდამჭერთა 67%, "სოციალ-დემოკრატიული" პარტიის (SPD) მხარდამჭერთა 64%, "მწვანეთა" პარტიის მხარდამჭერთა 73% და "მემარცხენეების" პარტიის მხარდამჭერთა 61%.

უკრაინის დახმარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) მხარდამჭერები. მათგან გერმანიის მიერ უკრაინის მხარდაჭერას მხოლოდ ყოველი მეცხრე ადამიანი, ანუ 11%-უჭერს მხარს.

კვლევის თანახმად, გერმანიის მოქალაქეების უმრავლესობა - 61% მიიჩნევს, რომ გერმანია და ევროპა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობისთვის საკმარის ძალისხმევას არ იჩენენ, 36% კი ამ ძალისხმევას საკმარისად მიიჩნევს.

გამოკითხული გერმანიის მოქალაქეების მესამედი (34%) მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ომის შედეგის მიუხედავად, გერმანიამ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი უნდა დაიწყოს. ამ მოსაზრებას 64% ეწინააღმდეგება. პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) მხარდამჭერებს შორის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას 75% უჭერს მხარს.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გერმანიის უფრო აქტიური საერთაშორისო ჩართულობის მხარდაჭერა მცირდება. გამოკითხვის შედეგად, გერმანიის მოქალაქეების მხოლოდ 40% უჭერს მხარს იმას, რომ საერთაშორისო კრიზისების დროს გერმანიამ უფრო აქტიური როლი შეასრულოს. ერთი წლის წინ, ამ პოზიციას გამოკითხულთა 48% იზიარებდა.

რესპონდენტების 48 % კი მიიჩნევს, რომ გერმანიამ საერთაშორისო საკითხებში უფრო თავშეკავებული პოზიცია უნდა დაიკავოს. 2025 წელს ამ მოსაზრებას 43% უჭერდა მხარს.

ამასთან, "ქრისტიან-დემოკრატიული" და "ქრისტიან-სოციალური კავშირების" (CDU/CSU), "სოციალ-დემოკრატიული" პარტიის (SPD) და "მწვანეთა“ პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობა გერმანიის უფრო აქტიურ საერთაშორისო ჩართულობას ემხრობა, პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მხარდამჭერები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამ მიდგომას. მათი 84% მოითხოვს, რომ გერმანიამ საერთაშორისო საკითხებში უფრო თავშეკავებული პოზიცია დაიკავოს.

გერმანიის მოქალაქეების დაახლოებით ორი მესამედი კვლავ ეწინააღმდეგება იმას, რომ ქვეყანამ ევროპაში სამხედრო ლიდერის როლი შეასრულოს. გამოკითხულთა 64% ამ პოზიციას იზიარებს, რაც 2025 წლის მაჩვენებელზე (61%) ოდნავ მეტია.

გერმანიის მიერ ევროპაში სამხედრო ლიდერის როლის შესრულებას მხოლოდ 35% უჭერს მხარს. პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის ამ მოსაზრების მომხრე უმრავლესობა მხოლოდ "ქრისტიან-დემოკრატიული" და "ქრისტიან-სოციალური კავშირების" (CDU/CSU) მხარდამჭერებშია - მათგან ამ პოზიციას 54% იზიარებს.

✕